ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების გათამაშება „მანჩესტერ სიტის“ გამარჯვებით დასრულდა. ფინალური მატჩის შემდეგ უეფა-მ სეზონი შეაჯამა და ხვიჩა კვარაცხელია ტურნირის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელა, – ინფორმაციას ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„ნაპოლის“ ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელია“, – წერია უეფა-ს გავრცელებულ ცნობაში.
საქართველოს ნაკრების ლიდერმა ჩემპიონთა ლიგაზე სადებიუტო სეზონი შესანიშნავად ჩაატარა – ორი გოლი გაიტანა და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა. კვარაცხელიას შეეძლო, მონაგარი კიდევ ორი გოლით გაეზარდა, მაგრამ „აინტრახტთან“ და „მილანთან“ ორი პენალტი ვერ გამოიყენა.
უეფა-მ სეზონის სიმბოლურ ნაკრებში ქართველის პოზიციაზე „რეალის“ ბრაზილიელი შემტევი, ვინისიუს ჟუნიორი დაასახელა.