რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მოუწოდებსშეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ წევრებს გამოიჩინონ კეთილგონიერება და უარი თქვან ევგენი პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურაში მონაწილეობაზე.
„თქვენ მოტყუებით ჩაგითრიეს პრიგოჟინის დანაშაულებრივ ავანტიურაში და შეიარაღებულ აჯანყებაში. გთხოვთ, გამოიჩინოთ კეთილგონიერება და დაუყოვნებლივ დაუკავშირდეთ სამართალდამცველებს ან თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს. ყველას გპირდებით, რომ თქვენი უსაფრთხოება გარანტირებული იქნება“, – აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოატყუა „ვაგნერის“ დაჯგუფება და პირობა დადო, რომ უპასუხებს ამ სისასტიკეს. ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის გადაყენებას ითხოვს.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში უარყვეს პრიგოჟინის განცხადება და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით.