საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ირაკლი ნასიძისა და მისი მეუღლის, ციაო ცის, პერსონალური გამოფენა – „სული – ერების სამოსი“ გაიხსნა.
გამოფენა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაათვალიერა.
„სული – ერების სამოსი“ საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ხელოვანის, ირაკლი ნასიძისა და მისი ჩინელი მეუღლის, მხატვარ ციაო ცის, შემოქმედებას აერთიანებს. გამოფენის კონცეფცია ნათელი მაგალითია იმისა, რომ ხელოვნებას საზღვრები და ეროვნება არ აქვს. განსხვავებულობის მიუხედავად, ის თავისუფლებასთან ასოცირდება, რადგან ადამიანში უმთავრესი და უნივერსალური სულია.
გამოფენაზე, რომელიც თანამედროვე ხელოვნებისა და მოდის ინდუსტრიის სინთეზია, დამთვალიერებელი კულტურათა განსხვავების თავისებურებებს გაეცნობა. ირაკლი ნასიძე სრულიად ახლებურ ხედვას სთავაზობს თავისი ხელოვნების თაყვანისმცემელსა და ამ კოლექციის თითოეული ნივთის შეძენით დაინტერესებულ ადამიანებს.
გამოფენაზე წარმოდგენილი ციაო ცის ფერწერული ნამუშევრების ძირითადი მახასიათებელი მტკიცე და ძლიერი ხაზებია. მის ტილოებზე უმეტესად ვხვდებით ქალის ფიგურებს, რომელნიც, იდუმალებით შემკულნი, მუდმივად მზად არიან სამყაროს მოსასმენად და ბავშვური, ამავდროულად კი, ცხოვრებისეული სიბრძნით გამსჭვალულნი, მომნუსხავად გესაუბრებიან.
ირაკლი ნასიძის ხელით მოხატული სამოსი, ავეჯი, ქანდაკებები, კერამიკული ჭურჭელი, აქსესუარები, არქეო-ფუტურისტული ბრინჯაოს სამკაული, სამუზეუმო არტობიექტების სრული კოლექცია ადგილობრივი ოსტატების მიერ საგანგებოდ ამ გამოფენისა და ქართველი ხალხისთვის შეიქმნა.