დავიწყეთ „მშვიდობის ხიდის” სარეაბილიტაციო სამუშაოები. რეაბილიტაციის საჭიროება განაპირობა ხიდის მარცხენა სანაპიროს ბურჯის ზედაპირის ბეტონი დაზიანებამ, რაც საჭიროებს აღდგენას. გარდა ამისა, რეაბილიტირდება სავალ ნაწილზე არსებული დეფორმირებული კიბეები, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ხიდის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულები არიან უცხოელი სპეციალისტები.
„ასევე, დასაჭიმია საკიდები დაკიდებულ ხიდზე, რაც იწვევს არათანაბარ დატვირთვას. ხიდის საკიდების ერთგვაროვნად დაჭიმვის მიზნით, მოეწყობა შესაბამისი კონსტრუქციები და ჩაუტარდება რეაბილიტაცია. სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოების მიზნით, რეაბილიტაციის პროცესში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩაიკეტება ხიდი.
ხიდზე გადაადგილების შეზღუდვის ვადის თაობაზე დამატებით ეცნობება მოსახლეობას. ხიდის რეაბილიტაციის პროცესში ჩართულები არიან უცხოელი სპეციალისტები, რომელთა უშუალო ზედამხედველობით მიმდინარეობს სამუშაოები. ხიდის სიგრძე 200 მეტრამდეა. პროექტის ღირებულება შეადგენს 1 400 000 ლარს, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში დასრულდება“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.