სამხრეთ აფრიკაში მსოფლო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა ჯგუფის მესამე შეხვედრა იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარა და ბონუსქულით – 30:17 მოიგო.
საქართველო-იტალია 30:17
ლელო – ლომიძე, ხონელიძე (2), ჭამიაშვილი – კასილიო, კალორინი
გარდასახვა – ხუციშვილი (2) – ბოტური, ბრიზიგელა
ჯარიმა – ხუციშვილი (2) – ბრიზიგელა
შეხვედრას მეტოქეები თითო მოგებით შეხვდნენ და ნახევარფინალში გასვლის შანსს ორივე ნაკრები ინარჩუნებდა.
ქართველებმა თამაში აქტიურად დაიწყეს და მე-10 წუთზე ნიკა ლომიძემ პირველი ლელო დადო, რომელიც ხუციშვილმა ზუსტად გარდასახა – 7:0. მე-16 წუთზე იტალიელებმა ჯარიმით სხვაობა შეამცირეს, ხუთ წუთში კი ლელოც დადეს (ზუსტად გარდასახეს) და დაწინაურდნენ – 10:7.
უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ თამაში აქტიურად განაგრძეს. ხუციშვილმა ჯარიმით ანგარიში გაათაანაბრა, რამდენიმე წუთში კი ბასა ხონელიძემ მეორე ლელო დადო და საქართველოს ნაკრები კვლავ დააწინაურა – 15:10. ტაიმის ბოლმდე ხუციშვილმა კიდევ ერთი ზუსტი ჯარიმა შეასრულა და პირველი ნახევარი უმცროსმა „ბორჯღალოსნებმა“ 18:10 მოიგეს.
მეორე ტაიმი იტალიელებმა აქტიურად და აგრესიულად დაიწყეს, 44-ე წუთზე ლელო დადეს, ზუსტადაც გარდასახეს და სხვაობა მინიმუმადე შეამცირეს 17:18.
52-ე წუთზე ბასა ხონელიძემ კარგად ისარგებლა იტალიელების შეცდომით და ამ შეხვედრაში თავისი მეორე ლელო დადო, ხუციშვილი გარდასახვისას კვლავ ზუსტი იყო 25:17.
შეხვედრის დასრულებამდე ქართველებმა კიდევ ერთი ლელო დადეს და საბოლოოდ იტალია ბონის ქულით – 30:17 დაამარცხეს.
ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში 21:00 საათზე სამხრეთ აფრიკის ნაკრები არგენტინას ეთამაშება.
თუ ეს შეხვედრა დასრულდება ფრედ ან არგენტინა ბონუსქულის გარეშე მოიგებს, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში ითამაშებს.