რა თქმა უნდა, ეს მძიმე სურათები, რასაც მთელი საქართველო უკვე ერთი კვირაა უყურებს, ყველას ემოციურად გვამძიმებს. დღეს ბოლო გზაზე გავაცილეთ პოლიციელი მირიან ჭელიძე, რომელიც აქ იმყოფებოდა და, როგორც ჩანს, ეს ემოციური ტვირთი მისთვის აღმოჩნდა ძალიან მძიმე, – ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რომელიც პოლიციელის ხსოვნისათვის პატივის მისაგებად ამბროლაურის რაიონში დეპუტატებთან ერთად ჩავიდა.
ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარე შოვში, სტიქიის ზონაში იმყოფება და განმარტავს, რომ საძიებო სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება.
„30-ზე მეტი მანქანა იყო ჩარჩენილი ზემოთ. მართალია სტიქიაში არ მოჰყვა, მაგრამ მოწყვეტილი იყო გარე სამყაროს ეს ავტომობილები და დღეს უკვე რამდენიმე გადმოიყვანეს მათმა მფლობელებმა. მფლობელებთან კავშირი არის და ისინი ეტაპობრივად გადმოიყვანენ საკუთარ ავტომანქანებს. რაც შეეხება მთლიანად სამუშაოებს, რამდენიმე კილომეტრი ახალი გზა გაიჭრა სხვადასხვა მიმართულებით, სპეცტექნიკა ინტენსიურად მუშაობს, მაშველები ინტენსიურად არიან სამუშაოებში ჩართულები, მათ შორის მდინარე ჭანჭახის კალაპოტშიც, ქვემოთა მიმართულებით მიდის ძებნა, იმისთვის რომ თუკი შეიძლება რომ აღმოჩნდეს კალაპოტში, იქაც მოიძებნოს ცხედრები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.