„ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი გადანაწილება დაიწყო. მიხეილ სააკაშვილს პარტიის მართვის სადავეების დაბრუნება და გარედან კონტროლი სურს. სააკაშვილის იდეაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ნაციონალურმა კომიტეტმა გააკონტროლოს და მას თავად უხელმძღვანელოს. სააკაშვილის ეს იდეა თავდაპირველად გიგი უგულავამ გაახმოვანა, რომელიც ამავე კომიტეტის წევრი იქნება. ის უკვე მართავს კონსულტაციებს ნიკა მელიას ფლანგთან. არ არის გამორიცხული, პარტიის მაკონტროლებელ რგოლში ენმ-ის ექს თავმჯდომარეც ვიხილოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით ნიკა მელია და მისი გუნდი ხაბეიშვილს და ახალ მენეჯმენტს პარტიის სამოქმედო გეგმას და სტრატეგიას გაუწერენ. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, რასაც საბჭო ჩათვლის საჭიროდ, პარტია იმას გააკეთებს. ამიტომ გაჩნდა კითხვა – სააკაშვილი ენმ-ის ახალ მმართველებს აღარ ენდობა, თუ ამ ნაბიჯით პარტიის ერთიანობის დემონსტრირება სურს? ფაქტია, „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე ამ გადაწყვეტილებით კმ.აყოფილი არ არის და ამიტომ ლევან ხებეიშვილი ცდილობს, რომ მაკონტროლებელი საბჭოს ფუნქცია დააკნინოს.
ხაბეიშვილი ამტკიცებს, რომ პოლიტიკური კომიტეტი, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი უხელმძღვანელებს, შიდა პარტიულ საკითხებზე გადაწყვეტილების მიმღები ორგანო არ იქნება.
„რაც შეეხება კონკრეტულ სტრატეგიებს, საერთო ეროვნულს, რაშიც ეს კომიტეტი მიიღებს მონაწილეობას, იქნება ჩართული ივანიშვილის წინააღმდეგ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი რომ მივიღოთ; რუსული პარტია რომ დამარცხდეს, ცხადია, ამ პოლიტიკას თავად განსაზღვრავს ის ბორდი, რომელიც გაკეთდება. ენმ-ის პარტიულ პოლიტიკური საქმიანობა წყდება ენმ-ში და ჩვენ, ცხადია, ბორდი იქნება თუ სამოქალაქო ჯგუფები, ჩვენ მხარს დავუჭერთ. არ არსებობს არანაირი პირადი წყენა, არ არსებობს წითელი ხაზი, გარდა რუსული და პუტინისტური მისწრაფებებისა,“ – ამბობს ხაბეიშვილი.
რაც შეეხება კითხვას, დათანხმებიან თუ არა მელიას გუნდის წევრები ექს-პრეზიდენტის მიწვევას, ამაზე ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბევრი ბუნდოვანი საკითხია, რაზეც პასუხი მელიას გუნდს არ აქვს.
როგორც ბაჩო დოლიძე ამბობს, ბუნდოვანია, მაგალითად, ის, რომ ახალი კომიტეტი „ნაციონალური მოძრაობის“ შემადგენლობაში არ იქნება, თუმცა, იდეის თანახმად, განსაზღვრავს პარტიის პოლიტიკას და სტრატეგიას. ამ შემთხვევაში, დოლიძე მიიჩნევს, რომ ამ იდეით ნათელი ხდება, რომ ენმ-ში ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ დაკომპლექტებული პოლიტიკური საბჭო უმოქმედოა. შესაბამისად, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ კომიტეტის შექმნას სჯობს, რომ პარტიაში ძველ პოლიტსაბჭოს აღუდგეს უფლებამოსილება.
ანალიტიკოსი და „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ „ნაციოანლურ მოძრაოაბში“ სერიოზული კრიზისია და პარტიაში ჯოკრების დეფიციტი აქვთ. ამიტომ, ახლა ცდილობენ კარტი რაღაცნაირად აჩეხონ, რომ ეს ორიანი და სამიანი პოლიტიკოსები, რომლებიც პარტიას ფაქტობრივად დაშლის საფრთხეს უქმნაინ, როგორმე გადაახარისხონ.
„არ ვიცი, „ნაციონალური მოძრაობა“ რა გადახალისებას ცდილობს და რა გაერთიანებაზე ლაპარაკობს. კარტი როგორც გინდა აჩეხონ, მაინც ლევან ხაბეიშვილი ამოსდით. 3 წლის წინ რაღაცა მარშალის გეგმას წერდნენ და ახლა ეფრეიტონის გეგმა მაინც დაწერონ, რაღაცა დახაზონ. საქმე ისაა, რომ ენმ-ში ისევ ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიდის. ეს ხალხი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და ახლაც, იგივე მანერებს და ჩვევებს არ იშლის. აქ ბრძოლა მიდის ზემოთ, სათავეში მოსახვედრად. სააკაშვილი მიხვდა, რომ არავინ მაგის გამომყვანი ციხიდან არ არის. მელია კი მოიშორა, მაგრამ საერთოდ, პარტიაში მმართველობა წაართვეს. ამიტომ, ახლა რაღაცა ფორმით უკან დაბრუნებას ცდილობს. ამ ხალხის ერთადერთ მიზანს ფული წარმოადგენს. ამ ფულის გამო არიან დარეულები და ხან რას მოიგონებენ და ხან რას. თავის მხრივ კეზერაშვილი – მერაბიშვილის ფრთა ცდილობს, რომ სააკაშვილი პარტიასთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ ფორმალურად, რომ წინასაარჩევნოდ გამოიყენონ. სააკაშვილს კიდევ ეს აღარ აკმაყოფილებს და აი, ეს არის სულ ამათი პარტიის გადახალისება. რომელი პროგრამის და გეგმის შემქმნელები ესენი არიან. ან ხალხი როდის იყო ამათ ადარდებდათ. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა და ნაციონალებს ეხვეწებოდა შემხვდით, ოღონდ ინგლისურად დამელაპარაკეთო. ორი კაცის მეტი ვერ იპოვეს პარტიაში, ვინც ინგლისური იცოდა. პარტიის თავმჯდომარე ვერ წავიდა, რადგან ენა არ იცოდა. აბა, ამათ ვინ და რა უნდა შეცვალონ, ან რა პარტია უნდა გადაახალისონ? ხომ სასაცილოა“, – ამბობს ქართველიშვილი.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი კი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არაპოპულარულია საზოგადოებაში, რაღაც ნაწილი ამომრჩეველი ჰყავს, მაგრამ ეს არის სააკაშვილის დამსახურება და არა ხაბეიშვილის, მელიას, ლომჯარიას, მერაბიშვილის თუ კეზერაშვილის. ამიტომ კონფლიქტოლოგი for.ge-სთან ფიქრობს, რომ სააკაშვილის გარეშე ამ პარტიის არსებობა გამორიცხულია. ეს კარგად დაინახეს, როგორც კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა, ასევე ეს კარგად იცის სააკაშვილმა, რომელიც უკან ძალაუფლების დაბრუნებას ცდილობს.
„ნაციოანლურ მოძრაობას“ ჰყავს თავისი ამომრჩეველი ე.წ. მიშისტი სექტანტები, რომლებიც, არა აქვს მნიშვნელობა, ხაბეიშვილი იქნება თუ ვინც გინდა იყოს, სანამ პარტიასთან სააკაშვილს სახელია დაკავშირებული, მას მხარს დაუჭერს. თუმცა ამ გადახალისებით და რაღაცა ძველის სახეების შემომატებით ელექტორატს ვერ გაზრდიან, ეს არის გამორიცხული. პირიქით, ხელისუფლებას აწყობს სააკაშვილის პოლიტიკური აქტიურობა, რადგან მისი სახელი მუდმივად სისხლიან 9 წელთან არის დაკავშირებული და ხალხში მისი უკან დაბრუნების შიში დღემდეა. ამას კი ხელისუფლება უკვე წლებია იდიალურად იყენებს. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და დანარჩენმა ოპოზიციამაც არ იცის რა შესთავაზოს საზოგადოებას, ერთადერთი, ეს თუთიყუში ხაბეიშვილი გაიძახის „რუსული ოცნება“, „რუსული ოცნება“. კი ბატონო, გავიგეთ, მაგრამ, შენ რომ ხარ დემოკრატია და ევროპული – რას აკეთებ? ესაა მთელი ოპოზიციის პრობლემა და ნაციონალები მით უმეტეს, უარეს დღეში არიან.
ამისათვის ამომრჩეველი კითხვას დაუსვამს ამ თუთიყუშ ხაბეიშვილს – აპირებ თუ არა ჩაატარო სასამართლო რეფორმა? ეს ის სასამართლოა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაუტოვა „ქართულ ოცნებას“, ეს არის მურუსიძის სასამართლო. შენ „ნაციონალური მოძრაობა“ აღიარებ, რომ ეს დიდი შეცდომა იყო თუ მომავალში მოხვალ და მურუსიძის ახლობელს დანიშნავ ისევ? რას აპირებ, რომ შენი ხალხი აღარ მართავდეს სასამართლოს? ასევე უსაფრთხოების სამსახურები, მერაბიშვილ-ბერიას სისტემა, რომელიც დაუტოვა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ოცნებას“, რომ მოხვალ, რას უპირებ ამ უშიშროების სამსახურებს? ისევ დატოვებ ძველებურად თუ შეცვლი? რაღაცას ამაზე ხმას არ იღებენ. ცენტრალური საარჩევნო კომისია, საარჩევნო სისტემა – რას უპირებ? ხალხი გაიზარდა და ამას კითხულობს, რაზეც ამ თუთიყუშ ხაბეიშვილს პასუხი არა აქვს“, – ამბობს ზაქარეიშვილი.
მისივე თქმით, სანამ ხალხს ამ კითხვებზე პასუხს არ გასცემენ, გინდა პარტია გადაახალისონ, გინდა გადმოახალისონ, აზრი არაფერს აქვს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ეს არის მხოლოდ შიდა პარტიული დაპირისპირება, რომელიც ხალხისთვის საინტერესო არ არის. მისი აზრით, მოსახლეობის მთავარი საკრალური კითხვაა – რატომ უნდა მოგცე ოპოზიციას ხმა, როცა არაფერს არ მთავაზობ?!