„გია ლორთქიფანიძე შემსრულებელია. დაავალებენ, შეასრულებს ყველაზე ბინძურ და დანაშაულებრივ დანაშაულსაც კი, როგორიცაა ლაფანყურში ხალხის ჩაცხრილვა. ლორთქიფანიძეს ახლაც შეუძლია, განახორციელოს მორიგი ოპერაციები, მით უმეტეს, რესურსი აქვს, უკრაინის დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილეა“, – აცხადებს „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე for.ge-სთან საუბრისას.
ოპოზიციონერთა შეფასებით, სუსის მიერ კონკრეტული ადამიანების (გია ლორთქიფანიძე, მიხეილ ბატურინი, მამუკა მამულაშვილი) დადანაშაულება რევოლუციის მოწყობაში ფარცხალაძის თემის გადაფარვითაა განპირობებული. სინამდვილეში, გია ლორთქიფანიძის წარსულზე რომ არაფერი ვთქვათ და მის მონაწილეობაზე ლაფანყურის ოპერაციაში, არც სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი გამოიყურება უმწიკვლოდ. ეს ადამიანი 2020 წელს ხომალდით თურქეთიდან მოადგა საქართველოს ტერიტორიულ წყლებს, როდესაც სანაპირო დაცვის პოლიციამ შენიშნა, ხომალდის ეკიპაჟი არ გამოვიდა კონტაქტზე, ისინი აბორდაჟით (ხომალდის შეპყრობა) შეაჩერეს და ოთხი წლით დაიჭირეს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით, თუმცა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა შეიწყალა. ასეთი საეჭვო ადამიანებისგან დესტაბილიზაცია მოსალოდნელია?
– დავიწყებ იმით, რომ „ნაცების“ ერთ ნაწილს, რომელთაგან ბევრს ახლოს ვიცნობ, მართლაც ჰგონია, რომ ყველაფერი მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში, „ტელეკარტინკების“ მეშვეობით, ნიუსების გადაფარვა-გადმოფარვისთვის კეთდება. „ნაცების“ მეორე ნაწილმა კი, ცხადია, იცის, რომ სიმართლე თქვა სუსმა. აკი ამბობდა სააკაშვილი, „მთავარია, დადგა ტელეეკრანზე შენთვის საჭირო „ტელეკარტინკა“ (რუსულად ამბობდა ხოლმე), და მერე რაც გინდა, ის თქვიო“. რაც შეეხება სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, მე შარშან საჯაროდ განვაცხადე, მას შემდეგ, რაც საქართველომ არ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, ამ ფაქტორს სააკაშვილი და მისი თანამზრახველები მაქსიმალურად გამოიყენებენ საქართველოში მასობრივი არეულობის მოსაწყობად და ხელისუფლების დასამხობად-თქო. ევროკავშირმა ჩვენ არ მოგვცა სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად უკეთესი მაჩვენებლები გვქონდა, ვიდრე უკრაინასა და მოლდოვას ერთად აღებულს. არაერთმა პატიოსანმა ევროპელმა ექსპერტმა აღნიშნა კიდეც, რომ უსამართლოდ მოგვექცნენ. საკმარისია გადავხედოთ იმ ადგილებს რეიტინგებში, ინდექსებში, პარამეტრებში, რასაც საქართველო ღებულობს ხოლმე, მათ შორის, წელსაც, ზაფხულში, საქართველო 32-ე ადგილზეა ანტიკორუფციულ რეიტინგში, უკრაინა და მოლდოვა სადღაც 95-ე და 107-ე ადგილზე არიან, ანუ შედარებაც არ შეიძლება. ჯერ კიდევ 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როცა პირადად სააკაშვილმა პარლამენტში 36 ადამიანი გაიყვანა, მან და ბიძამისმა გამოაცხადეს, „სრული ბოიკოტი პარლამენტს“, „არავინ არ უნდა შევიდეს პარლამენტში“. ასოცირებული პარტიები ამას დათანხმდნენ, ბოკერიები და „ლელოები“, გვახსოვს თემურ ალასანიას განცხადებები, ვქმნით კომიტეტს, ხელში ვიღებთ ძალაუფლებას, დავასრულებთ ამ ხელისუფლებასო. ასეთი რიტორიკა გასაგები იყო, რადგან სხვა გზა მათ არ აქვთ, 2016 წელს 28 ადამიანი გაიყვანა პარლამენტში მიშამ და ერთ თვეში 22 გაექცა, ახლა მისი ფრაქცია რომ ნახოთ, 36 ადამიანიდან რამდენია დარჩენილი? 20-ზე ნაკლები, ნახევარი უკვე გაქცეულია. ამიტომ ერთადერთ გზად რჩებათ ბოიკოტი, ამიტომ დაიწყო, რაც დაიწყო, მათ შორის, წლევანდელი მარტის მოვლენები, ეს ხომ ძალების მოსინჯვა იყო მოლოტოვის კოქტეილების სროლით?!
თუკი მარტის მოვლენები ე.წ. რუსულმა კანონმა გამოიწვია, ევროკავშირის სტატუსის გარეშე დარჩენა უფრო წონადი არგუმენტი არ იქნება ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად?
– თუ საქართველოს კიდევ არ მისცემენ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, როგორი უსამართლოც არ უნდა იყოს ეს, მაშინ ნაცები ვა ბანკზე წავლენ, ეცდებიან, რაც შეიძლება მეტი ადამიანი შეაგროვონ რუსთაველზე, მათ შორის, მოტყუებული ადამიანებიც, ვისაც მართლა უნდა ევროინტეგრაცია. ნაცები შეეცდებიან, ამ ფონზე მოაწყონ დესტაბილიზაცია თუ აფეთქებით, თუ სროლით. ჯერ კიდევ მარტში დაძაბული ვუყურებდი ტელეეკრანს და ვფიქრობდი, ვაითუ, ახლა გაჩნდეს ერთი-ორი გვამი, მერაბიშვილისთვის სანატრებელი, ვაითუ, დავინახოთ სააკაშვილისთვის ნანატრი ორსული ქალის დაღუპვა. ტელეფონში რომ საუბრობდა სააკაშვილი, „ჯობია, მოკვდეს ჟურნალისტი ქალი“, მერე იფიქრა „დიდმა სტრატეგმა“ და დაუმატა, „ჯობია, ორსული იყოს“, რადგან ორსულის გარდაცვალებამ შეიძლება გაცილებით მეტი ადამიანი გამოიყვანოს ქუჩაში. ამერიკული კანონი რომ გავიდა და რუსულ კანონად შერაცხეს, მოლოტოვის კოქტეილებს რომ ისროდნენ, ეს ყველაფერი მოთელვასავით იყო. რაც შეეხება გია ლორთქიფანიძეს, ის იყო მერაბიშვილის მოადგილე, როცა ლაფანყურის სასტიკი, სისხლიანი, ვერაგული მასობრივი მკვლელობა ჩატარდა სააკაშვილ-მერაბიშვილის დავალებით. ღამით ჩაცხრილეს მძინარე ადამიანები, ვინც მათივე ბრძანებით მიდიოდნენ ჩეჩნეთისკენ. იმ პერიოდში, ორიოდე დღის შემდეგ სააკაშვილმა კახეთში, ბუნების წიაღში გვერდით, ერთი-ერთზე დაისვა გია ლორთქიფანიძე და საქართველოს მოქალაქეებს მოგვმართა: „აი, გია ლორთქიფანიძე, რომელმაც ბრწყინვალედ ჩაატარა ძალიან მნიშვნელოვანი ოპერაცია ლაფანყურში, პირდაპირ გეუბნებით, ბევრი, ჩვენზე უფრო მდიდარი სახელმწიფო ვერ ჩაატარებდა ასეთ ოპერაციას ასე ბრწყინვალედ“. სინამდვილეში, ოპერაცია იყო ჩაძინებული ადამიანების ვერაგული მკვლელობა, მათ შორის, საქართველოს ოფიცერი, სამბოში მსოფლიო ჩემპიონი ჩოხელი და ექიმი წიკლაური დაიღუპნენ, რომლებიც ლორთქიფანიძის დავალებით მიჰყვებოდნენ ჩეჩნებს, ესენიც ჩაცხრილეს და მიაყოლეს. ამის შემდეგ წარმოიდგინეთ სრული მზაკვრობა, სააკაშვილი აცხადებდა, მე საერთოდ არ ვიცნობ, ვინ არის გია ლორთქიფანიძეო. ამ დროს ტელევიზიით მთელმა საქართველომ ნახა სააკაშვილის მიერ ლორთქიფანიძის ქება-დიდება. დამტკიცებულია, რომ ლორთქიფანიძემ დასახა ლაფანყურის გეგმა და მოგვიანებით უკვე არაჟანთან ერთად სააკაშვილი კონტრაბანდის სახით შემოიყვანა საქართველოში.
გია ლორთქიფანიძე დღეს უკვე ირწმუნება, რომ ქართული პოლიტიკის მიმართ ინტერესი არ აქვს და საკუთარი საქმითაა დაკავებული. როგორ ფიქრობთ, სააკაშვილის დესანტმა ვერ გაამართლა და ახლა გია ლორთქიფანიძე გადატრიალებაზე დებს ფსონს? ექსტრემისტების შემოყვანა უნდათ, კარვები, მოლოტოვის კოქტეილები და გვამი, თუკი დასჯერდებიან ერთ გვამს?
– მათ ერთი ან რამდენიმე გვამი სჭირდებათ. ლორთქიფანიძემ ადვოკატის პირით სრული სიმართლე თქვა, რომ ის არ არის საჯარო პირი და არც უნდა, საჯარო პირი იყოს, ანუ ღია პოლიტიკაში არასდროს არ შემოვა, არავითარი ამბიცია იმისთვის, რომ იყოს პოლიტიკური თანამდებობის პირი, მას არ აქვს. მას ჰყოფნის თავისი თანამდებობა და ძალიან დიდი შემოსავალი, ის შემსრულებელია, დაავალებენ, შეასრულებს ყველაზე ბინძურ დანაშაულსაც კი. ამიტომ მართალია, როცა ამბობს, რომ პოლიტიკური ამბიცია არ აქვს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ არ განახორციელებს მორიგ ოპერაციებს, მით უმეტეს, რესურსი აქვს, უკრაინის დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილეა.
რაც შეეხება მიხეილ ბატურინს, თავის დროზე ზელენსკიმ საქართველოში ჩამოსვლის წინაპირობად ბატურინის გათავისუფლება დაასახელა. კი გაათავისუფლეს ბატურინი, მაგრამ ზელენსკი არ ჩამოსულა.
– არაერთ პატრიოტ უკრაინელს ვიცნობ, რომლებიც უკრაინაში ომის დაწყებამდე წერდნენ ზელენსკის აღვირახსნილ პირად კორუფციაზე, რომ ზელენსკიმ და მისმა ბანდამ გაძარცვეს უკრაინა, ისარგებლეს კოვიდით და დაიწყეს ნიღბებით ვაჭრობა, სახელმწიფო რესურსის დახარჯვა. იმასაც წერდნენ, რომ ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ზელენსკიმ დახურა ის ტელევიზიები, რომლებიც არ მოსწონდა. ზელენსკის რეიტინგი ნულს უახლოვდებოდა ომის დაწყების პერიოდში. დღესაც ბევრი უკრაინელი ამბობს, ოღონდ ომი ჩამთავრდეს უკრაინის გამარჯვებით, აღვადგინოთ ჩვენი ტერიტორია და მერე ზელენსკიც ვერ ასცდება საკადრის პასუხსო.
რისთვის სჭირდებოდა ზელენსკის მეზღვაურ ბატურინის გათავისუფლება, იმიტომ, რომ ბატურინი „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიური მხარდამჭერი და სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრია?
– ბატურინი მისთვის მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, რადგან ზელენსკი თავისი თავის პატრონი არაა, ზელენსკი ისეთ მდგომარეობაშია და ისეთ საწყისებზეა მოსული, რომ არახამია რასაც ეტყვის, იმას ასრულებს. აშკარა, ღია კრიმინალი არახამია რომ ეყოლება მრჩევლად, კაცი, რომელიც კავშირშია რუსულ ბიზნესთან, არახამია, რომელსაც ასეთი რამ შეუძლია თქვას: „უკრაინის წინა მთავრობამ დიდი დანაშაული ჩაიდინა, რუსეთს რომ გადასცა ბირთვული იარაღი, ახლა რომ გვქონდეს ბირთვული იარაღი, მთელ მსოფლიოს დავაშანტაჟებდით და მთელი მსოფლიო ფულს გადაგვიხდიდა ამაში“. სერგეი რუდენკომ, შესანიშნავმა პოლიტოლოგმა, ამის თაობაზე განაცხადა, ეტყობა, ერთადერთი, რაც დარჩენიათ უკრაინელებს, ამოვუკეროთ პირი ამ არახამიას, რომ პირი არ დააღოსო. გახსოვთ, არახამიას ნათქვამი, მრცხვენია, რომ ქართველი ვარო. მე კი აქედან განვაცხადე, მე კიდევ მრცხვენია, რომ ასეთი ნაძირალა აცხადებს, რომ ქართველია, არავითარი ქართველი ეგ არ არის. კორუფციას გრძელი და ძლიერი ხელები აქვს, ამიტომ შემთხვევითი როდია, სააკაშვილი რომ გაიპარა საქართველოდან და თანამზრახველებთან ერთად მოიკალათა უკრაინაში.
მეტ-ნაკლებად ზომიერი ქართველი პოლიტიკოსები მიიჩნევენ, რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა წავიდეს, მაგრამ ნაცებიც არ უნდა მოვიდნენ. ჩვენ გვახსოვს ის დრო, როდესაც სახელმწიფო გადატრიალებაზე მაშინ საუბრობდა სააკაშვილის ხელისუფლება, როცა გავლენას კარგავდა. ასევე მოხდა 2003 წელსაც. როგორ ფიქრობთ, რევოლუციაზე საუბრები დროში ხომ არ ემთხვევა ხელისუფლების სისუსტის პერიოდს?
– ჩვენ გვახსოვს განცხადებები, რომელსაც „ოცნება“ აკეთებდა 2013 წელსაც, 2014 წელსაც, გავრილოვის ღამის დროსაც და ყველაფერი თავდებოდა იმით, რომ „ოცნება“ რჩებოდა ხელისუფლებაში, ანუ იმარჯვებდა. 2016 და 2020 წელსაც საერთაშორისო დამკვირვებლებმა, აქ მომუშავე საელჩოებმა და ელჩებმა ერთხმად განაცხადეს, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო და მოუწოდეს ოპოზიციას, შედით პარლამენტში, ამისთვის აგირჩიათ ამომრჩეველმაო. მერე ჩვენ გვახსოვს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ხმების გადათვლა და „ისფედის“ ყალბი მაჩვენებლები.