მიხეილ სააკაშვილი არის ჩვენი გაერთიანების ძირითადი და მნიშვნელოვანი ბაზისი და რა თქმა უნდა, კამპანიის ერთ-ერთი ხაზი დიახაც, იქნება მესამე პრეზიდენტის თავისუფლება, – ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა, სერგო ჩიხლაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დამთავრდეს ადამიანების პოლიტიკური მოტივებით გასამართლება, იქნება ეს მიხეილ სააკაშვილი, კრიტიკული მედიის მფლობელები, თუ სხვა. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ჩვენი კამპანიის ერთ-ერთი მიმართულება ზუსტად ეს იქნება. პირდაპირ გეტყვით, როდესაც „ქართული ოცნება“ დამარცხდება არჩევნებში და როდესაც ამ რუსულ რეჟიმს მოვიშორებთ, რა თქმა უნდა, გადაწყდება მიხეილ სააკაშვილის საქმეც და საერთოდ, პოლიტიკური დევნა ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა ჩიხლაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ აპირებს ახალი კოალიცია ამ გეგმის შესრულებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ ძველი სახეების, მათ შორის, მაგალითად, გიგი უგულავას დაბრუნებით, რომელიც წარსულში პარტიას მწვავედ აკრიტიკებდა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა, რომ როგორც გიგი უგულავამ თავად აღნიშნა, ის პარტიულ სტრუქტურებში მონაწილეობას არ აპირებს, მაგრამ რომც დააპიროს, ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.