USAID-ი თქვენს გადასარჩენად არ მოვა. ის თქვენ ჩამოგრეცხავთ, როგორც გამოუსადეგარ მასალას თავის ვერშემდგარ პოლიტიკურ ავანტიურებში, – ასე მიმართავს ახალგაზრდებს “ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი.
მისი თქმით, თითოეული საქართველოში მცხოვრები ბიჭის და გოგონას სიცოცხლე ქვეყნისთვის ფასეულია და სახელმწიფო არ დაუშვებს მათ საზარბაზნე ხორცად გამოყენებას უცხო ქვეყნების გარკვეული ძალების მიერ.
„აიკრძალოს USAID-ის მიერ საქართველოში „კულტურის ასამაღლებელი“ ტრენინგების ჩატარება. მოეთხოვოს აშშ-ს საელჩოს ამ ორგანიზაციის მიერ მსგავსი ფეიკ-ღონისძიებებით მისაღწევი მიზნების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება!
არაერთხელ გვითქვამს: მეთოდები დაგიძველდათ! ჩვენ ზეპირად გვაქვს შესწავლილი ამერიკული კინემატოგრაფის შედევრები. ჩვენ კარგად გვესმის, თუ რა იმალება „იტალიური ოპერის მოყვარულ-მეგობართა ყრილობის ქვეშ“. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს „ქართველი კულტურის მუშაკთა დონის ასამაღლებელი“ ტრენინგების ჩატარება.
მე მეამაყება ქვეყნის სპეცსამსახურების და ჩემი კოლეგების პროფესიონალიზმი. მესმის, თუ რა მცირე დოზის ინფორმაციის გამოტანა შეუძლიათ საჯაროდ. ამიტომ მივმართავ იმ ახალგაზრდების მშობლებს: თითოეული თქვენი ბიჭის და გოგონას სიცოცხლე ქვეყნისთვის ფასეულია! სახელმწიფო არ დაუშვებს მათ საზარბაზნე ხორცად გამოყენებას ამაში დაინტერესებული ქვეყნის უსამშობლო მტრების მიერ.
შემოდგომა სტუდენტისთვის მხოლოდ სწავლისა და ცოდნის დაუფლების დრო უნდა იყოს. არ გაებათ თქვენს ახალგაზრდობაზე წერტილის დამსმელ ნებისმიერ ხაფანგში. იქონიეთ ინტელექტი და გონების გამჭრიახობა. არ დაუშვათ შეცდომა. ხელისუფლებამ ყველაფერი იცის და ყველაფრისთვის მზადაა, როგორც არასდროს. USAID-ი თქვენს გადასარჩენად არ მოვა. ის თქვენ ჩამოგრეცხავთ, როგორც გამოუსადეგარ მასალას თავის ვერშემდგარ პოლიტიკურ ავანტიურებში“, – წერს დავით ქართველიშვილი.