კარვების გაშლა შეკრების ჩატარების დროს დაშვებული იქნება, ოღონდ დაშვებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა შეკრების სათანადოდ ჩატარებისთვის,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, სუს-ის ინფორმაციით, კარვების გამოყენება იგეგმება პროვოკაციების მოსაწყობად. მათ შორის, იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ნივთიერებების შესანახად.
„კარვების გაშლა შეკრების ჩატარების დროს დაშვებული იქნება, ოღონდ დაშვებული იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამას აქვს არსებითი მნიშვნელობა, შეკრების სათანადოდ ჩატარებისთვის. ეს კანონპროექტი თავიდან ბოლომდე საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადდა. მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკისა და თეორიის გათვალისწინებით, რაც სრულად არის თანხვედრაში საერთაშორისო სტანდარტებთან.
ასევე, მოისმინეთ სუს-ის წინა ბრიფინგი, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ კარვების გამოყენება იგეგმება პროვოკაციების მოსაწყობად, მათ შორის, იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობებისა და ნივთიერებების შესანახად. შესაბამისად, უსაფრთხოების კუთხითაც რისკებს შეიცავს კარვების განთავსება შესაბამის ტერიტორიაზე. ასეთი პროვოკაციის პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია კანონის მიღება, რომელიც დაინიცირებულია და პარლამენტი მიმდინარე კვირაში სამი მოსმენით მიიღებს“,- აღნიშნა კობახიძემ.
პარლამენტი „შეკრებებისა და მანიფესტაციის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობას იწყებს. კანონპროექტის ბიუროს სხდომაზე ინიციირება დღეს იგეგმება და მას კანონმდებლები დაჩქარებული წესით განიხილავენ.