ანტისახელმწიფოებრივი ძალების მიზანი ძალადობა, არეულობა, დესტაბილიზაციაა. მათ არ მოსწონთ რომ ქვეყანას შევუნარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა. მათი სურვილია ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა. ეს იყო თავდაპირველი მიზანი, ეს რჩება სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მათ მიზნად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ ქვეყანაში არეულობას არ დაუშვებს.
„საზოგადოებამ დღეს დილით მოისმინა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და კონკრეტული მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მზადდება არეულობა ქვეყანაში. იცით, რომ ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვაცნობეთ საზოგადოებას ამის თაობაზე, გავუმხილეთ ის გეგმები და ჩანაფიქრი, რომელიც აქვს ჩვენს დესტრუქციულ ძალებს, ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებს, ანტიეროვნულ და ანტისახელმწიფოებრივ ძალებს, რომელსაც აქვს დახმარება ქვეყნის საზღვრებს გარეთ და მათაც, ნახეთ, რომ აქტიური ჩართულობა აქვთ უცხო ქვეყნებიდან. შემაშფოთებელია რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეები ჩამოდიან ქვეყანაში, აქ მართავენ ტრენინგებს. ეს ყველაფერი შენიღბულია იმით, თითქოს ხელოვნების და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უტარებენ ტრენინგს, თუმცა ამ დროს პირდაპირ მიდის მოწოდება და ტრენინგები, თუ როგორ უნდა მოახდინონ რევოლუცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა. ამ ხალხმა ალბათ ვერაფერი ვერ ისწავლა. ანალიზს ვერ უკეთებენ, ფაქტია, უკვე რამდენი წელი გავიდა და ისევ ჩარჩენილი არიან წარსულში. მათ ჰგონიათ, რომ ახლა არის 2003 წელი-ახლა არის 2023 წელი და ჩვენ ხელისუფლებაში ვართ 11 წელზე მეტია. ჩვენ რა თქმა უნდა, არ დავუშვებთ ასეთი არარაობების, დესტრუქციული, რადიკალური ძალების მიერ არავითარ არეულობას და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. მინდა გითხრათ, რომ სახელმწიფო დღეს არის ძლიერი და მტკიცედ დგას თავის სიმაღლეზე. მე მინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილო ეს ადამიანები, როგორც ქვეყნის შიგნით მოქმედი მტრული ძალები, ასევე მათი მხარდამჭერები მის საზღვრებს გარეთ, რომ ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ არეულობას ქვეყანაში. არ დავუშვებთ იმას, რომ ასეთმა დესტრუქციულმა ძალებმა კიდევ ერთხელ, ხელმეორედ დაანგრიონ ჩვენი ქვეყანა.
ჩვენ გამოვიარეთ არაერთი კრიზისი ქვეყანაში, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, იქნებოდა ეს სამოქალაქო არეულობა, ომები და უამრავი დესტაბილიზაცია. ეს არის ერთადერთი უწყვეტი პერიოდი მშვიდობის და სტაბილურობის, რომელიც ჩვენმა გუნდმა, ხელისუფლებამ მოიტანა ქვეყანაში. ჩვენ კარგად ვიცით რა არის მათი გეგმები, მათი მიზანი. მათი მიზანი არის რა თქმა უნდა, ძალადობა, არეულობა, დესტაბილიზაცია. მათ რა თქმა უნდა, არ მოსწონთ ის წარმატებები და კეთილდღეობა, რომელიც დღეს ქვეყანაში გვაქვს. არ მოსწონთ, რომ დღეს ქვეყანას შევუნარჩუნეთ მშვიდობა და სტაბილურობა. მათი სურვილი, რა თქმა უნდა არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების დამხობა და ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა. ეს იყო თავდაპირველი მიზანი, ეს რჩება სამწუხაროდ, ჯერ კიდევ მათ მიზნად“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.