საქართველოს ეროვნული ბანკისა და ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის ორგანიზებით, სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi-ში, შიდა აუდიტორთა საერთაშორისო სემინარი – „შიდა აუდიტი მმართველობით კონტექსტში“ გაიხსნა.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად ისახავს შიდა აუდიტის სფეროს სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტთა და პროფესიონალთა დისკუსიებს აქტუალურ თემებზე, ცოდნის გაზიარებასა და კომუნიკაციის გაღრმავებას კოლეგებს შორის.
შეხვედრა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ გახსნა.
„საქართველოს ეროვნული ბანკი ტრადიციულად მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების წარმომადგენლებს, ვინც პასუხისმგებელია შიდა აუდიტის საკითხებზე. ეს სემინარი ტარდება ყოველწლიურად ნიდერლანდების ცენტრალური ბანკის მხარდაჭერით და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ კოლეგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, რადგან შიდა აუდიტი და მისი გამართული საქმიანობა მნიშვნელოვანია ნებისმიერი ცენტრალური ბანკის გამჭვირვალობისა და რისკების გადაზღვევისთვის. სასიამოვნოა, რომ კოლეგებს ყოველწლიურად აინტერესებთ ჩვენი სიახლეები, ჩვენი გამოცდილება და დღესაც მსგავს ღონისძიებას ძალიან წარმატებით ვუმასპინძლეთ”, – განაცხადა ნათია თურნავამ.