ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლიმ“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა.
ქართველი თავდამსხმელი „ნაპოლის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და მისმა გუნდმა ანგარიში მე-19 წუთზე, სწორედ კვარაცხელიას მიერ მოწოდებული კუთხურის შემდეგ გახსნა – ნათანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და ლეო ოსტიგორმა დამატებაზე გაიტანა.
თუმცა, პირველი ტაიმი „რეალის“ გამარჯვებით დასრულდა. გოლები ვინისიუს ჟუნიორმა და ჯუდ ბელინგემმა გაიტანეს. ანგარიშის გათანაბრება მასპინძლებმა მეორე ტაიმში, პიოტრ ზელინსკის მიერ ზუსტად შესრულებული პენალტით შეძლეს, მაგრამ 78-ე წუთზე, „რეალი“ ისევ წინ გავიდა – ფედე ვალვერდეს შორეული დარტყმის შემდეგ ხარიხიდან ასხლეტილი ბურთი ნეაპოლელთა მეკარეს, ალექს მერეტს მოხვდა და კარში შევარდა.
მომდევნო მატჩს „ლიგაზე“ „ნაპოლი“ 24 ოქტომბერს, ბერლინში, „უნიონის“ წინააღმდეგ გამართავს.