ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ისრაელსა და ღაზაში მიმდინარე მოვლენები არ აისახება ალიანსის უკრაინისადმი მხარდაჭერაზე. ამის შესახებ სტოლტენბერგმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„პრეზიდენტმა ზელენსკიმ მონაწილეობა მიიღო აშშ-ის ხელმძღვანელობით, აქ, ნატო-ს შტაბ-ბინაში გამართულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაში და ნატო-ს ქვეყნებმა მტკიცედ განაცხადეს, რომ დიახ, ჩვენ შეშფოთებული ვართ ისრაელზე ტერორისტული თავდასხმის სისასტიკით. თუმცა ეს არ შეასუსტებს ჩვენს შესაძლებლობას, ჩვენს მზადყოფნას, ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა და ეს ცხადია, არამხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. მხოლოდ ბოლო დღეებში ნატო-ს მოკავშირეებმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს უკრაინის მხარდაჭერის გაფართოებასთან დაკავშირებით. გერმანიამ განაცხადა საბრძოლო მასალების, საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ, მათ შორის „პეტრიოტის“ თანამედროვე სისტემების, ასევე – აშშ-მა, ბრიტანეთმა და მრავალმა სხვამ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.