საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.
გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
“საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1-ელ და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს, საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის, 1-ელ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი. სასამართლო ასკვნის, რომ აღნიშნული წარმოადგენს კონსტიტუციის დარღვევას.
დასკვნა საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება”, – განაცხადა ტურავამ.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა 3-5 ოქტომბერს ზეპირი მოსმენით მიმდინარეობდა. პროცესს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ ესწრებოდა. სასამართლო სხდომაში მონაწილეობდნენ მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი.
სხდომას ესწრებოდნენ საკონსტიტუციო წარდგინების ავტორები – პარლამენტის 4 დეპუტატი ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი. ისინი საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებენ.