სამწუხაროდ, დადასტურდა, რომ ქვეყნის და სახელმწიფოს მეთაური, სალომე ზურაბიშვილი, დადასტურებულად არის კონსტიტუციის დამრღვევი. რა თქმა უნდა, ეს მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და რიგით მოქალაქეს, ნამდვილად არ მიხარია. მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი არღვევდეს კონსტიტუციას ან ნებისმიერ კანონს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განუცხადა.
მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ პრეზიდენტს ეჩვენებინა და მაგალითი მიეცა სხვა საჯარო მოხელეებისთვის და შემდგომი პრეზიდენტებისთვის, რომ ის ყოველთვის უნდა ყოფილიყო კანონების და კონსტიტუციის სადარაჯოზე, სალომე ზურაბიშვილმა დემონსტრაციულად, უხეშად, არაერთგზის დაარღვია კონსტიტუცია.
„ეს არა მხოლოდ ჩვენი, პოლიტიკოსების ნათქვამითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, არამედ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა და ეს გადაწყვეტილება არ გადაიხედება. პარლამენტში გაიმართება შესაბამისი პროცედურა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ არ გვქონდა მოლოდინი, რომ საჭირო ხმებს მოაგროვებდა უმრავლესობა. ვიცოდით, რომ არ გვქონდა საკმარისი ხმები, მაგრამ ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები და უნდა შევახსენოთ პრეზიდენტს და ყველას, რომ ამ ქვეყანაში დასრულდა ის დრო, როდესაც პრეზიდენტს ეგონა, რომ იდგა კანონსა და კონსტიტუციაზე მაღლა. ეს ძალიან სამწუხაროა – ჩვენი მოქალაქეების ნაწილს ჰქონდა მოლოდინი, რომ სალომე ზურაბიშვილი შემოიტანდა ქართულ პოლიტიკაში ევროპულ სტანდარტს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ყველა იცავს კანონს და კონსტიტუციას. ამის სანაცვლოდ, ამის სრული საპირისპირო სურათი მივიღეთ, როდესაც პრეზიდენტმა გვითხრა, რომ არ ცნობს კონსტიტუციას“, – აღნიშნა პრემიერმა.
საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. ეს გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებასთან დაკავშირებით 2023 წლის 16 ოქტომბერს გამოაცხადა. პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის წინააღმდეგ 3 მოსამართლე – ირინა იმერლიშვილი, გიორგი კვერენჩხილაძე და თეიმურაზ ტუღუში წავიდა.