სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, შიომ (მუჯირი) დღეს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
მეუფემ ტაძარში მსახურებაზე წაკითხული სახარება მოწყალე სამარიტელის შესახებ განმარტა და მრევლს სხვათა ცოდვების შენდობისა და მოწყალებისკენ მოუწოდა. მისივე თქმით, აღნიშნულ იგავში მოცემულია გულმოწყალების უმაღლესი საფეხური.
„უფალი იესო ქრისტე ასე ასრულებს ამ იგავს, რომ თუ გვინდა, სული გადავირჩინოთ, ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ.
ახლა ვინმე იკითხავს: – სად ვნახოთ ავაზაკების მიერ ნაცემ-ნაგვემი და გაძარცვული ადამიანი და ძირს დავარდნილი? მაგრამ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, რა ხდება ჩვენ გარშემო, რა მდგომარეობაში არიან ადამიანები, რა მდგომარეობაში ვართ თავად ჩვენ, დავინახავთ, რომ ასეთი ადამიანები მრავლად არიან ჩვენ გარშემო. განა ცოტაა ასეთი ადამიანი? იმიტომ, რომ იმ ავაზაკების გარდა, რომლებიც სხეულს თავს ესხმიან, ძარცვავენ და ჭრილობებს აყენებენ, ფიზიკურად ტანჯავენ ადამიანებს, არიან კიდევ სულიერი ავაზაკები, რომლებიც ადამიანის სულს ესხმიან თავს, ძარცვავენ, წყლულებსა და ჭრილობებს აყენებენ. განა ცოტაა ჩვენ გარშემო ასეთი ადამიანი?
და ჩვენ დღეს ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ ვეპყრობით მათ. ჩვენ მათთან მივდივართ არა იმიტომ, რომ მალამო დავადოთ მათ წყლულებს და ვუმკურნალოთ, არამედ, სამწუხაროდ, უფრო იმიტომ, რომ გავუღიზიანოთ ეს ჭრილობები და დავუმძიმოთ.
ადამიანის ნაკლულოვანებას და მის სულიერ ჭრილობებს როცა ვამჩნევთ, იმის მაგივრად, რომ სიყვარულით და თანალმობით დავფაროთ ეს ჭრილობები, ვღიზიანდებით, განვიკითხავთ, ვბრაზდებით, გვწყინს ხოლმე მათგან. აქედან მომდინარეობს ყოველგვარი უსიამოვნება ადამიანებს შორის: ჩხუბი, გაუცხოება, განხეთქილება, რაც ძალიან დიდი ცოდვაა. ამიტომ, აი, ამ განხეთქილებას უნდა ვუმკურნალოთ იმით, რომ არ განვიკითხოთ ჩვენი მოყვასი და გვახსოვდეს ეს იგავი მოწყალე სამარიტელის შესახებ უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
აი, ამ იგავში მოცემულია უმაღლესი საფეხური გულმოწყალებისა. ეს არის გულმოწყალება მტრისა და მაწყინრის მიმართ, როგორიც იყო ებრაელი სამარიტელისთვის. უფალი იესო ქრისტე ჩვენ ამით გვაძლევს მცნებას, რომ სულიერად ნაცემი და განძარცვული ადამიანი კი არ განვიკითხოთ და ვლანძღოთ, არამედ სიყვარულით და თანალმობით ვეცადოთ, დავეხმაროთ წყლულების განკურნებაში“, – განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ.