აშშ-ის სპეცსამსახურებმა მიიღეს დადასტურება, რომ ქვეყნის პრეზიდენტზე კომპრომატები არსებობს. ამის შესახებ CNN-მა განაცხადა, თავის წყაროზე დაყრდნობით.
ტელეარხის თქმით, მიღებული ინფორმაცია „უხამს ბრალდებებს არ შეიცავს“. საქმე ეხება სპეცსამსახურების მიერ მოპოვებულ „საუბარს რუსეთის ოფიციალურ პირებსა და ქვეყნის რიგით მოქალაქეებს შორის“.
როგორც CNN-ი აცხადებს, ამერიკულმა დაზვერვამ დაადასტურა, რომ რუსები, რომლებიც ანგარიშში არიან მოხსენიებულნი, მართლაც ურთიერთობდნენ ერთმანეთთან, თუმცა ვერ დადასტურდა, რომ ისინი ტრამპზე საუბრობდნენ. თუმცა, ამასთან, წყარო აღნიშნავს, რომ რუსეთის მოქალაქეები მოიპოვებდნენ ინფორმაციას, რომელიც ჰილარი კლინტონის წინააღმდეგ იყო მიმართული და ტრამპისთვის ხელსაყრელი იყო. წყაროს თქმით, ამერიკული მხარე მაინც ვერ მიხვდა, რუსეთს აქვს თუ არა კომპრომატები ტრამპის წინააღმდეგ.
თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ სპაისერმა კვლავ კატეგორიულად უარყო ტრამპის მიმართ არსებული ბრალდება.
11 იანვარს ვებგვერდმა BuzzFeed-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, დიდი ბრიტანეთის სპეცსამსახურები ამტკიცებენ, რომ რუსეთს აქვს კომპრომატები ტრამპის წინააღმდეგ. დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ 2013 წელს ბიზნესმენი მოსკოვში იყო, როდესაც დაბინავდა სასტუმრო „რიც კარლტონის“ საპრეზიდენტო აპარტამენტებში, (ამ სასტუმროში ოდესღაც ბარაკ და მიშელ ობამებიც ცხოვრობდნენ) სადაც შეხვდა მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს.
ტრამპმა ეს ბრალდება უარყო და ამ მოხსენებას „შპიონაჟის ჩავარდნა“ უწოდა. მან ასევე პირობა დადო, რომ BuzzFeed-ს დასჯიდა.
კრემლში აღნიშნეს, რომ პრეზიდენტის წინააღმდეგ არავითარი კომპრომატი არ არსებობს და ეს „სისულელეა“. პუტინმა ტრამპის მიმართ არსებულ კამპანიას „მეძავობა“ უწოდა.