ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო პარამეტრებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დოკუმენტი უახლოეს პერიოდში გაიგზავნება პარლამენტში განსახილველად და დასამტკიცებლად.
„როგორც იცით, ბიუჯეტის მეორე წარდგენა უკვე შედგა პარლამენტში. მეორე წარდგენის დროს, მნიშვნელოვნად გაიზარდა 2024 წლის ბიუჯეტი და მთელი რიგი მიმართულებები. მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს ზრდას, როგორც სოციალური, ისე ინფრასტრუქტურული მიმართულებით. 2024 წელს იზრდება პენსიები და სოციალური გასაცემელები. ასევე, მნიშვნელოვანი ზრდა არის განათლების მიმართულებით და ჯამში, განათლების სექტორს 600 მლნ ლარამდე თანხა ემატება, როგორც ცენტრალური, ისე ადგილობრივი ბიუჯეტების მიმართულებით. ასევე, დაახლოებით, 250 მლნ ლარი დამატებით იქნა გათვალისწინებული თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე. ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებაზე, ჯამში, წელს მიიმართება 6,7 მილიარდი ლარი. მნიშვნელოვანი ზრდები იყო სხვადასხვა ეკონომიკური პროგრამების განვითარების მიმართულებით“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
მისი თქმით, ბიუჯეტის საბოლოო ვერსიაში ძირითადი საბიუჯეტო პარამეტრები უცვლელ დონეზე დარჩა.
„ეკონომიკური პარამეტრები პროგნოზირებულია საკმაოდ კონსერვატიულად. ეკონომიკური ზრდა – 5,2%-ის ოდენობით. ბიუჯეტის დეფიციტიც უცვლელია და შეადგენს 2,5%-ს, მთავრობის ვალის მაჩვენებელი, დაახლოებით, 38%-ის ფარგლებში იქნება. აღნიშნული პარამეტრებით მშპ-ის საპროგნოზო მაჩვენებელი მომავალ წელს 86 მილიარდი ლარი იქნება, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე დაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 8 500 დოლარს აჭარბებს. ასევე, წარვადგენთ მომდევნო წლების პროგნოზებსაც და 2027 წლისთვის პროგნოზირებულია საქართველოს ეკონომიკური ზომა – 108 მილიარდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, არის დაახლოებით 11 ათას დოლარამდე, რაც მნიშვნელოვანი ზრდა არის ბოლო წლების განმავლობაში. რაც შეეხება უშუალოდ ხარჯვით ნაწილს – ხარჯვითი ნაწილი გაიზრდება, დაახლოებით, 165 მლნ ლარით, იმ ვარიანტთან შედარებით, რაც უკვე განხილული იყო მეორე წარდგენაზე. შედეგად, ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა იქნება 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის მოცულობა გადააჭარბებს 25 მილიარდ ლარს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
როგორც მან განაცხადა, აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი მიიმართება რეგიონებში.
„კერძოდ, ეს იქნება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის ზრდა – დაახლოებით, 130 მლნ ლარი. ასევე, 15 მლნ ლარი არის გამოყოფილი გურიის სტიქიის დროს დაზარალებულებისათვის. აღნიშნულ სტიქიაზე ჩვენ 15 მლნ ლარი მიმდინარე წელს უკვე გამოვყავით, რაც არსებითად მოაგვარებს იმ პრობლემებს, რაც სტიქიამ მიაყენა ინფრასტრუქტურულ ნაწილში გურიის რეგიონს“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.