„ქრონიკა“ მეოთხე ქვეით ბრიგადას ესტუმრა. ჟურნალისტ გიორგი აბაზაძეს ადგილზე კვების ხარისხის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. კონტრაქტორის მიერ მოწოდებული პროდუქცია შესაბამისი ტემპერატურის დაცვით ინახება, შემოტანის თარიღი კი ჟურნალში ფიქსირდება. სამზარეულოში მოხვედრამდე პროდუქტი დასამუშავებელ სექციაში გადააქვთ. საწყობში ჯერ პროდუქტი ვიზუალურად მოწმდება, შემდეგ კი ამოწმებენ მომზადებულ კერძს, რისთვისაც სინჯებს იღებენ.
„დღის განრიგის მიხედვით კვება არის სამჯერადი და ყოველდღიურად სხვადასხვა საკვებს ვიღებთ. ყველაფერი შესაბამისი გვაქვს, რაც ჯარისკაცს ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისთვის სჭირდება“, – ამბობს კაპრალი ლევან ბოღიშვილი.
ჯარში უხარისხო კვების შესახებ ბრალდებები, რეალობას აცდენილია – ასე პასუხობს თავდაცვის მინისტრი ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის ძალების მიზანმიმართულ დისკრედიტაციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ჯარი საუკეთესო პროდუქტს იღებს.