მარტივად ვიტყვი, 15 დეკემბრის შემდეგ გავიმართებით მხრებში და გამართული მხრებით წავალთ განვითარებისკენ, მშვიდობისა და ჩვენი უსაფრთხოების სისტემისკენ, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, – ამის შესახებ ვაჟა-ფშაველას ფონდის თავმჯდომარემ, ლელა რაზიკაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპა არის განვითარება, მშვიდობა, უსაფრთხოება.
„ჩვენ ძალიან მძიმე პერიოდი გვქონდა, როდესაც აფხაზეთის მოვლენები დასრულდა და დამარცხებული, მხრებში გადამტვრეული თაობა ვიყავით. ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა, ძალიან ცუდი პერიოდი გავიარეთ. მაშინ, რაღაც პერიოდი, სახელმწიფო პიარში ვმუშაობდი და ვფიქრობდით რაღაც მეთოდზე, რომ გამარჯვების იდეოლოგია რაღაცნაირად შემოგვეტანა, ხალხისთვის გვეჩვენებინა, რომ ჩვენ არ ვართ ის ერი, ასე სასოწარკვეთილებაში ჩავვარდეთ. ეს იყო ძალიან ცუდი პერიოდი. დიდგორის დღესასწაული მაშინ დაფუძნდა და ვეძებდით მიზეზებს, რომ გამარჯვების შარმი მოსდებოდა მთელ ქვეყანას და გავმართულიყავით მხრებში. დღეს ჩვენ მივდივართ ჩვენი მიზნისკენ, მაგრამ გავიმართებით მხრებში და მეტი თვითდაჯერება გვექნება“, – აღნიშნა ლელა რაზიკაშვილმა.