იმედები, რომლებსაც სწრაფ და ეფექტურ კონტრიერიშზე ვამყარებდით, არ გამართლდა, თუმცა ის, რომ უკრაინა უკვე ორი წელია აგრესორს უწევს წინააღმდეგობას, უკვე დიდი გამარჯვებაა, – ამის შესახებ BBC-სთან ინტერვიუში უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა.
„მაისში ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს სურდა, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულებულიყო. იმედები იყო, თუმცა არ გამართლდა. ის, რომ უკვე ორი წელია საკუთარ ქვეყანას ვიცავთ, უკვე დიდი გამარჯვებაა“, – აღნიშნა დანილოვმა.
მან აღიარა, რომ უკრაინის ხელისუფლება ზედმეტად ოპტიმისტური იყო – „ზოგჯერ ადამიანები შეცდომებს უშვებენ. მთელი ცხოვრება ხუთოსანი ვერ იქნები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გამარჯვება ჩვენს მხარეს არ იქნება“.
ფრონტზე შექმნილ სიტუაციას დანილოვმა „ძალიან რთული“ უწოდა და განაცხადა, რომ ომის ძველი, მათ შორის ნატოში არსებული სახელმძღვანელოები „ისევ უნდა დაარქივდეს“.
„ისეთი ომი, როგორიც ახლა უკრაინაშია, არც XX და არც XXI საუკუნეში არ ყოფილა. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ: ჩვენ არ გავჩერდებით და გავაგრძელებთ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას“, – აღნიშნა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა.