ჯერჯერობით არ არის შეთანხმება ისრაელისა და უკრაინისათვის მეტი იარაღის მიწოდებაზე, რომელიც აშშ-ის საზღვრის უსაფრთხოებაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, თუმცა კითხვა, რომელიც უნდა დაისვას, არის, მართლაც დაუშვებს თუ არა აშშ იმას, რომ პარტიული დაყოფა უკრაინის ღალატად იქცეს, – წერს ამერიკული გაზეთი The Wall Street Journal-ი სარედაქციო სტატიაში სათაურით უღალატებს თუ არა ამერიკა უკრაინას?
“რთული დასაჯერებელია, მაგრამ ალბათ ასეა. პრეზიდენტმა ბაიდენმა სამშაბათს განაცხადა, რომ ამერიკა „ისტორიის გარდამტეხ ეტაპზეა“, რომელმაც შეიძლება „განსაზღვროს“ ევროპის მომავალი. ის მართალია ამ საკითხში. მეტი ამერიკული იარაღის გარეშე უკრაინა ვლადიმირ პუტინთან დამარცხდება, ხოლო ამის ერთ-ერთი შედეგი იქნება არასტაბილური ევროპა”, – წერს ამერიკული გაზეთი.
გაზეთ The Wall Street Journal-ის სარედაქციო სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ უკრაინას მეტი საბრძოლო მასალა სჭირდება, ხოლო აშშ-ის მარაგი იწურება.
“კრემლი ფსონს დებს იმაზე, რომ ზამთრის მომაკვდინებელი ჩიხი გამოფიტავს დასავლეთის მხარდაჭერას. უკრაინას არ აქვს საჰაერო თავდაცვა, რათა დაიცვას ქალაქები რუსული რაკეტებისგან, ისევე როგორც [არ აქვს] უფრო დიდ მანძილზე მოქმედი შეიარაღება და საჰაერო ძალები”, – ნათქვამია სტატიაში.
სარედაქციო სტატიაში აღნიშნულია, რომ აშშ-ის მთავარსარდალი ნელა მოქმედებდა და რომ ჯო ბაიდენმა სულ ახლახან დაიწყო მოლაპარაკებები კონგრესის წევრებთან, მიუხედავად იმისა, რომ პრობლემის კონტურები თვეების განმავლობაში იყო აშკარა.
“პრეზიდენტმა არასწორად წაიკითხა პოლიტიკური მომენტი, როდესაც აშშ-ის დახმარების საკითხის მოგვარება ვოლოდიმირ ზელენსკის გადააბარა, რომლის ვაშინგტონში ვიზიტს რაიმე გარღვევა არ მოჰყოლია”, – ნათქვამია სარედაქციო სტატიაში.
სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ბაიდენი უკრაინის დახმარების საკითხის წარუმატებლობას “რესპუბლიკელებს” ვერ დააბრალებს, რომლებიც კონგრესის ერთ პალატას აკონტროლებენ და საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით ადმინისტრაციას გონივრული თხოვნით მიმართავენ.
თუმცა, როგორც ჩანს, პრეზიდენტი კვლავ შეშინებულია “რესპუბლიკელებთან” შეთანხმების გაფორმებით, რომელიც უკმაყოფილებას იწვევს პროგრესულ მემარცხენეებში, რომლებიც უკვე გაბრაზებულნი არიან ბაიდენის ადმინისტრაციაზე ისრაელის მხარდაჭერის გამო.
“დაპყრობილი უკრაინა პრეზიდენტ ბაიდენისთვის მეორე ავღანეთი იქნება. სტრატეგიული ზიანი – გამარჯვებული პუტინი, გაბედული ჩინეთი – ბევრად უარესი იქნება, ვიდრე ქაბულში მომხდარი დამხობა. “რესპუბლიკელებს” არ სურთ ამის თანამონაწილენი იყვნენ, თუმცა მოუწევთ, თუ მიატოვებენ უკრაინას მას შემდეგ, რაც უკრაინელმა ხალხმა ამხელა მსხვერპლი გაიღო ორი წლის განმავლობაში. უკრაინისა და [აშშ-ის] საზღვრის შესახებ შეთანხმება კარგი იქნება ქვეყნისთვის და დააწყნარებს ამერიკის პოლარიზებულ პოლიტიკას. კიევი არ არის ერთადერთი დედაქალაქი, რომელიც აკვირდება იმას, შეძლებენ თუ არა ამერიკის პრეზიდენტი და კანონმდებლები ისეთი რამის მიღწევას, რაც ქვეყნის ინტერესებშია”, – ნათქვამია სტატიაში.