მას შემდეგ, რაც ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმაზე გადავედით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირჩევა პარლამენტის წიაღიდან, რაც დამახასიათებელია ევროპული დემოკრატიებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, უკვე ცნობილია, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.
„მას შემდეგ, რაც ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმაზე გადავედით, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც პრემიერ-მინისტრი ირჩევა პარლამენტის წიაღიდან, რაც დამახასიათებელია ევროპული დემოკრატიებისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ასევე ოპოზიციისთვისაც იქნება ძალიან საინტერესო და კარგი გამოცდილება, რომ მათი ყოფილი კოლეგა იქნება მთავრობის ხელმძღვანელი. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პარლამენტსა და მთავრობას შორის ურთიერთობის სხვა დინამიკას შემოიტანს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ღარიბაშვილი პრემიერი მეორედ 2021 წელს გახდა. მანამდე ის მთავრობის მეთაურის თანამდებობას 2013-2015 წლებში იკავებდა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ დაადასტურა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურა განიხილება.