ქალის მიმართ ძალადობის, მუქარისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისთვის ბრალდებული მსახიობის, კახა აბუაშვილის, იგივე „კაბუს“ ადვოკატის, დავით სანაძის განცხადებით, ჩხრეკის ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნაში ნივთების რაოდენობასა და ფერებში სხვაობაა.
აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა სასამართლო პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობისას განაცხადა.
„მე მაქვს ჩემი ეჭვები, იქიდან გამომდინარე, რომ ბრალდებული ამბობს ეს ნივთიერება ჩემი არ არისო, ვიღაცის ხომ არის?” – განაცხადა სანაძემ.
მისივე თქმით, ჩხრეკის ოქმში გამომძიებელი ამოღებულ ნივთიერებას მოყავისფრო-მოშავოდ აღწერს, ექსპერტი კი მას მოყვითალო-მოშავო ფერად.
ადვოკატის თქმით, აღნიშნული მას ეჭვის შეტანის საფუძველს აძლევს, ვიანიდან ნივთის ფერის აღწერისას აშკარა კონტრასტია და ჩხრეკის ოქმში მითითებული მონაცემები ექსპერტიზის მონაცემებთან თანხვედრაში არ მოდის.
„ფერების აღქმის პრობლემა არც პოლიციელს და არც ექსპერტს არ უნდა ჰქონდეს, თუ ანომალიასთან არ გვაქვს საქმე. არა მხოლოდ კონტრასტშია განსხვავება, არამედ რაოდენობაშიც. ოქმში წერია რომ ამოღებულია 1 ცალი მცირე ზომის პოლიეთილენის პარკი, ხოლო ექსპერტის დასკვნაში 2 ცალი ჩამკეტი პოლიეთილენის პარკია აღწერილი. ეს ფაქტები არსებითი განმსაზღვრელია”,- განაცხადა ადვოკატმა.
პროკურორის თქმით, დეტალებზე, რაზეც ადვოკატი საუბრობს, ექსპერტი დაიკითხება და ის გასცემს პასუხს, რადგან ადვოკატი არაა კომპეტენტური რა ინსტრუმენტული კვლევით ჩატარდა ექსპერტიზა.
რაც შეეხება განმეორებით ექსპერტიზის ჩატარებას, მას შემდეგ, რაც შესაბამისი ექსპერტიზისთვის ტექნიკა იქნა დაწესებულების მიერ შეძენილი, ჩატარდა ექსპერტიზა.
მოსამართლე ლევან გელოვანმა ადვოკატს მიმართა კითხვით, ხომ არ მოხდა ნარკოტიკის ე.წ. ჩადება, ადვოკატმა დადებითი პასუხი გასცა.
აღნიშნულის შემდეგ მოსამართლე დაინტერესდა, დაცვის მხარემ მიმართა თუ არასპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
„კახა აბუაშვილი დაკავებული იყო, ის დუმილის უფლებას იყენებს, ჩვენი რესურსით ვცდილობთ უდანაშაულობის დამტკიცებას, ბრალდებულის უფლებაა როდის და სად წარადგენს საჩივარს”,- განაცხადა სანაძემ.
მოსამართლემ ბრალდების მხარის წარდგენილი მტკიცებულებები საქმეს დაურთო.
კახა აბუაშვილის საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად გადაეცა.