უკრაინის შეიარაღებული ძალები ხუთი თვე ემზადებოდნენ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის მოსაგერიებლად, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ალექსანდრ პავლიუკმა განაცხადა.
უკრაინელი სამხედრო მაღალჩინოსნის თქმით, 2021 წლის შემოდგომაზე უკვე იყო ძალიან მაღალი ალბათობა, რომ სრულმასშტაბიანი ომი იქნებოდა და ცხადი იყო, რომ ომი, სულ მცირე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებს მოიცავდა.
ალექსანდრ პავლიუკის განცხადებით, არსებობდა ყველა ნიშანი, რომ უკრაინა მტერს შეხვდებოდა არა მხოლოდ დონბასის ოკუპირებული ნაწილიდან, არამედ რუსეთის ტერიტორიიდანაც.
„ამიტომ, უკვე შემოდგომაზე დავიწყეთ გარკვეული მოქმედებების განხორციელება, რათა წარმატებით შევხვედროდით და მაქსიმალური ზარალი მიგვეყენებინა. გვესმოდა, რომ ძალების და საშუალებების ბალანსი არ იყო და არ იქნებოდა ჩვენს სასარგებლოდ, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვქონდა არჩევანი – უნდა გადავრჩენილიყავით, რადგან მთელი უკრაინა ჩვენს უკან იდგა. ამიტომ ხუთი თვის განმავლობაში ვემზადებოდით სრულმასშტაბიანი აგრესიის მოსაგერიებლად. უკვე იანვარ-თებერვალში მივიღეთ შეტყობინებები დაზვერვის მთავარი სამმართველოდან, სადაც ვარაუდობდნენ, რომ ასეთი ვარიანტი შესაძლებელი იყო. ყველა პოზიცია გაძლიერდა მაქსიმალურად, დაითვალა მოქმედების ყველა შესაძლო ვარიანტი, განთავსდა ყველა რეზერვი – ორჯერ მაინც ჩავატარეთ სრულმასშტაბიანი სწავლება და ბევრი ადგილობრივი ვარჯიში ჩატარდა. ამან შესაძლოა, გადამწყვეტი როლი ითამაშა, რომ პირველ დღეს, როდესაც დაარტყეს ყველა სამეთაურო ცენტრს, ყველა საკონტროლო პუნქტს, ყველა ადგილს, სადაც უნდა ყოფილიყო ჩვენი ჯარების კონცენტრაცია და საწყობები – ისინი მოხვდნენ ცარიელ ადგილას“, – განაცხადა ალექსანდრ პავლიუკმა.