„ბარსელონას“ მწვრთნელმა, ხავიმ „ნაპოლისთან“ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის შეხვედრის შესახებ ისაუბრა. ესპანელმა სპეციალისტმა მეტოქე გუნდში ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი გამოარჩია.
„დიდი იმედით და ენთუზიაზმით ველოდებით „ნაპოლისთან“ შეხვედრას, რომელმაც მწვრთნელი თამაშის წინ შეცვალა. სერია A-ს მოქმედ ჩემპიონთან დაპირისპირება ადვილი არასოდეს ყოფილა.
გამოვარჩევდი ნეაპოლელთა შეტევის დუეტს, ვიქტორ ოსიმენსა და ხვიჩა კვარაცხელიას. ისინი უმაღლესი დონის მოთამაშეები არიან. კვარაცხელია თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა, ამიტომ მას ყურადღება უნდა მივაქციოთ. ჩვენთვის ამ შეხვედრაში საკუთარი კარის დაცვა მნიშვნელოვანი იქნება.
მოტივირებული ვარ. მატჩისთვის ისე უნდა მოვემზადოთ, რომ მოთამაშეებმა თავიანთი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოავლინონ. ჩვენზე ზეწოლა იქნება და ეს არ მიკვირს. ყოველთვის ასეა, როდესაც „ბარსელონას“ ეთამაშებიან, ჩვენთან ყველა განსაკუთრებულად მონდომებულია.
მოცემული სიტუაცია გუნდის დნმ-ს არ ცვლის, ხვალ მოედანზე მოსაგებად გავალთ, ფრე არ არის საუკეთესო შედეგი „ბარსასთვის“, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ საპასუხო მატჩს სახლში ვითამაშებთ“, – განაცხადა შეხვედრამდე გამართულ პრესკონფერენციაზე „ბარსელონას“ მწვრთნელმა.
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩი „ნაპოლისა“ და „ბარსელონას“ შორის ოთხშაბათს, 21 თებერვალს „სტადიო დიეგო არმანდო მარადონაზე“ თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.