მომხმარებლების მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში კომერციულმა ბანკებმა უნდა უზრუნველყონ საშეღავათო პერიოდით სარგებლობამდე მოქმედი გრაფიკის მიხედვით გადახდების მიღება – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
პარლამენტში გამოსვლისას ნათია თურნავამ კომერციული ბანკების მიმართ გაცემული მითითების შესახებ ისაუბრა და 7 დეპუტატის კითხვებს უპასუხა. სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ზემოთქმულის განსახორციელებლად მომხმარებლებისთვის სესხის გადავადებული ნაწილის წინმსწრების დაფარვის შეთავაზების შემთხვევაში წინმსწრების საკომისიო უნდა იყოს ნული.
,,მომხმარებლებს საშუალება ეძლევათ მოითხოვონ ე.წ. „საშეღავათო პერიოდამდე“ არსებულ პირობებზე, მათ შორის, გადახდის ძველ გრაფიკზე დაბრუნება. მითითებული უფლებით სარგებლობისთვის მომხმარებლებმა უნდა მიმართონ შესაბამის მომსახურე ფინანსურ ორგანიზაციას, რის შედეგადაც, აღნიშნული ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია იმოქმედოს ხსენებული წერილობითი მითითებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად“, – აღნიშნა ნათია თურნავამ
მისი განმარტებით იკრძალება სახელმწიფო პენსიის თანხით უზრუნველყოფილი სესხების/კრედიტების, მათ შორის ე.წ.
„ოვერდრაფტების“ რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონრებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ სახელმწიფო პენსიის თანხით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემლით განისაზღვრება. ,,მითითებული ცვლილების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ე.წ. „მოწყვლადი ჯგუფების“ დაცვა გაუთვითცნობიერებელი გადაწყვეტილებების მიღებისა და ჭარბვალიანობისგან. ასევე, აღნიშნული ხელს შეუწყობს მომხმარებლებზე მეტად მორგებული საკრედიტო გარემოს ჩამოყალიბებას და მათი უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვას“ – დასძინა ნათია თურნავამ.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სებ-ი აძლიერებს საბაზრო ქცევის შესწავლისა და მონიტორინგის ზედამხედველობის მიმართულებას. სწორედ ამ მიმარტულებით განხორციელდა კომერციული ბანკების მიერ საფინანსო პროდუქტების დისტანციურად შეთავაზებისა და გაყიდვის პრაქტიკის შესახებ თემატური მოკვლევა, რომლის შედეგები მათ შორის მოწყვლად სეგმენტთან მიმართებით, შესაძლოა მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საზედამხედველო ქმედებების საფუძველიც გახდეს.