სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ პატრიარქის მდივანს, მამა მიქაელ ბოტკოველს დიდი ხანია უნდოდა საპატრიარქოდან წასვლა.
”მარტო ჩემი განცხადება არ იყო იმის საფუძველი, რომ ის წასულიყო მდივნის თანამდებობიდან. ხშირად მსმენია, რომ მას წასვლა უნდოდა. მიზეზი არ ვიცი ჯერჯერობით. მას უნდოდა წასვლა და როგორც მერე ვნახე და მოვისმინე, მან ჩემს განცხადებას მიაწერა წასვლა”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, არ ელოდა, რომ მამა მიქაელ ბოტკოველი მას ნაძირალას უწოდებდა საჯაროდ.
”არ ველოდებოდი, მაგრამ მე მაინც პატივს ვცემ ამ ადამიანს, მიუხედავად იმისა, რომ მიწოდა ეს სიტყვა და ახლაც აგრძელებს ჩემს ლანძღვას. ეს მისი პრობლემაა, მე უბრალოდ მასზე ცუდს ვერ ვიტყვი”, – განაცხადა ოხანაშვილმა.
სოსო ოხანაშვილი ასევე გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სახეში სილა გაარტყა, მამა მიქაელ ბოტკოველს და ეს კატეგორიულად უარყო.
”რას ბრძანებთ?! მიუხედავად იმისა, რომ მე მრავალი წელია ვმუშაობდი ამ სამსახურის ხელმძღვანელად, ბევრი ცუდი რაღაც მინახავს სასულიერო პირებში, ასევე გამიგია, ფაქტებითაც მინახავს, არასოდეს გამჩენია სურვილი ფიზიკურად გავსწორებოდი სასულიერო პირს, ეს ჩემი სტილი არ არის და ღმერთმა დამიფაროს იმისგან, რომ სასულიერო პირს თავს დავესხა და ხელით შევეხო”, – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა ”რუსთავი 2”- ის გადაცემა ”პოსტსკრიპტუმში”.