დაუმარცხებელი გუნდი არ არსებობს. დღეს ისეთი თამაშები მიდის, რომ წინასწარ 100%-იანი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, მთელი საქართველო არის გამარჯვების მოლოდინში, – ამის შესახებ ნონა გაფრინდაშვილმა საქართველოსა და საბერძნეთის საფეხბურთო ნაკრებების თამაშზე საუბრისას განაცხადა.
ლეგენდარულმა მოჭადრაკემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ლუქსემბურგთან მიღწეული გამარჯვებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მომავალ მატჩთან დაკავშირებით პოზიტიური მომავალი აქვს.
„მე ამ ახალგაზრდებში ვხედავ ძალიან კარგ ძალას და იმედი მაქვს, რომ საქართველოს ნაკრებს ბევრ წარმატებას მოუტანენ მომავალში“, – განაცხადა გაფრინდაშვილმა.
მისივე თქმით, ჩვენს ფეხბურთელებს წინ სერიოზული ბრძოლა ელის, რადგან საბერძნეთის ნაკრები სერიოზული გუნდია სერიოზული ტრადიციებით.
„მაგრამ ჩვენი გუნდი უკვე იმ დონეზეა, რომ ნებისმიერ გუნდთან შეუძლია თამაში“, – აღნიშნა გაფრინდაშვილმა.
საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებები ერთმანეთს ერთა ლიგის ფინალში 26 მარტს დაუპირისპირდებიან. გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.