საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი ვარიანში იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს ესტუმრა და სამინისტროს ინფრასტრუქტურული განვითარების დეპარტამენტის უფროს გიორგი ბოცვაძეს, კულტურაზე ხელმისაწვდომობის დეპარტამენტის უფროს ალექსანდრე გრიგალაშვილსა და მოქანდაკე გია ჯაფარიძესთან ერთად გაეცნო სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპს, – ამის შესახებ ინფორმაციას კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მინისტრმა მუზეუმის დირექტორთან, ნათია ადუაშვილთან, ერთად დაათვალიერა განახლებული საგამოფენო დარბაზი, შემდეგ კი შეხვდა სახლ-მუზეუმის თანამშრომლებს.
გასულ წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველ ეტაპზე, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით მუზეუმის საექსპოზიციო დარბაზში გამოიცვალა პარკეტი, პირველ სართულზე განახლდა ხის მოაჯირები, ცალკე აშენდა და მოეწყო სალაროს შენობა, ამჟამად კი მიმდინარეობს ვიზიტორებისათვის განკუთვნილი სველი წერტილების მშენებლობა.
სამუშაოების მეორე ეტაპზე სამინისტროს დაფინანსებით იგეგმება გათბობის სისტემის დამონტაჟება და სახურავის სრული რეაბილიტაცია. მუზეუმში უკეთესი გარემოს შექმნისა და დამთვალიერებლებისთვის უკეთესი პირობების შეთავაზების მიზნით, სამინისტროს მონაწილეობით, გაუმჯობესდება ახლანდელი სერვისები, დაინერგება მუზეუმის პატარა სტუმრებისთვის შესაფერისი მომსახურების ფორმები და თანამშრომლებსაც უკეთესი სამუშაო პირობები შეექმნებათ.
სამინისტროს სისტემაში დიდი ქართველი მოღვაწეების რამდენიმე სახლ-მუზეუმია, იმ ადამიანების, რომელთაც ქართული კულტურა და ენა შეინარჩუნეს და მომავალ თაობებს შემოუნახეს.
იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი ერთ-ერთი გამორჩეული მუზეუმია, რომელიც 1958 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა. გახსნიდან დღემდე სახლ-მუზეუმი ასიათასობით ადამიანმა დაათვალიერა. ბოლო ორი წლის განმავლობაში სტუმართა რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. მხოლოდ 2023 წელს მუზეუმს 40 976 დამთვალიერებელი ეწვია.