დღეისათვის მესტიის არსებული ტერმინალი დაახლოებით 850-მდე მგზავრს ემსახურება დღის განმავლობაში და ეს რაოდენობა ახალი ტერმინალის შემთხვევაში მინიმუმ გაორმაგდება, რა თქმა უნდა, აიწევს ხარისხიც, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, აეროპორტების მოდერნიზება, ფრენების ხელშეწყობა, თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ზოგადად ტურიზმის სექტორის წახალისებას ემსახურება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად გვქონდეს განახლებული ინფრასტრუქტურა. ზოგადად, იცით, რომ გეგმაზომიერად ვავითარებთ სხვადასხვა მიმართულებით შიდა ავიაციას. ამ კუთხით მნიშვნელოვანია როგორც აეროპორტების მოდერნიზება, ასევე ფრენების ხელშეწყობა. ეს თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილია, რომელიც ზოგადად ტურიზმის სექტორის წახალისებას ემსახურება მიზნად. ამიტომ, არაერთი კარგი პროექტის შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია უკვე მივაწოდეთ. თბილისში მნიშვნელოვანი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის გადაწყვეტილებაც მივიღეთ. მესტიაშიც ძალიან მნიშვნელოვანია ზუსტად ავიაციის განვითარების კუთხით ახალი ტერმინალის ქონა, რადგან გვესმის, რომ რთული გეოგრაფიიდან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, საავიაციო დაკავშირება ყველაზე უფრო მოსახერხებელია ვიზიტორებისთვის და ჩვენი ქვეყნის სტუმრებისთვის. ამიტომ ახალი ინფრასტრუქტურა ორჯერ უფრო დიდი იქნება, ვიდრე არსებული ტერმინალი. დღეისათვის ტერმინალი დაახლოებით 850-მდე მგზავრს ემსახურება დღის განმავლობაში და მინიმუმ ეს რაოდენობა გაორმაგდება ახალი ტერმინალის შემთხვევაში და რა თქმა უნდა, აიწევს ხარისხიც“, – აღნიშნა დავითაშვილმა.