ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი, აშშ-ს მკაცრად აკრიტიკებს. როგორც Euronews-ი წერს, კალასი ვაშინგტონს კიევზე ზეწოლაში ადანაშაულებს – მისი შეფასებით, შტატებს სურს, უკრაინა დათანხმდეს პირობებს, რომელიც მხოლოდ ვლადიმერ პუტინისთვისაა ხელსაყრელი.
“ამერიკელი მომლაპარაკებლები უკვე თითქმის ორი წელია ცდილობენ, უკრაინას იძულებით კაპიტულაციისკენ უბიძგონ – უფრო ზუსტად, ეს წელიწად-ნახევარია გრძელდება. უკრაინა პუტინის პირობებს იმიტომ არ დათანხმდა, რომ ევროპა მას მხარს უჭერს”, – განუცხადა მან ევროპარლამენტის წევრებს.
კალასმა ასევე აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან ევროპის წარმომადგენლების ყოფნა აუცილებელია, რათა დაბალანსდეს თეთრი სახლის მიერ დაკავებული პოზიციები, რომლებიც სულ უფრო მეტად იხრება მოსკოვის ინტერესების სასარგებლოდ.
აშშ-სა და ევროპას შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პუტინთან დიზელის საწვავის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მიაღწია და სანქციები 2027 წლის აპრილამდე შეამსუბუქა ისე, რომ, სანაცვლოდ, რუსეთი არანაირ დათმობაზე არ წასულა.
ტრამპმა უკრაინას ახალი არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა, თუმცა, უკრაინის კანონმდებლობით, ომის პერიოდში არჩევნების ჩატარება აკრძალულია. მან ასევე გამოთქვა უკმაყოფილება და განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკება უფრო რთულია, ვიდრე პუტინთან. თავის მხრივ, ზელენსკიმ თქვა, რომ ტრამპმა მას უღალატა.
“ვფიქრობ, გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა იმისთვის, რომ უკრაინა კაპიტულაციაზე დაეთანხმებინათ”, – განუცხადა ზელენსკიმ Bloomberg-ს ბოლო ინტერვიუში.
კალასმა სტრასბურგში, ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლისას, ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა. ამასთან, ევროპარლამენტის ზოგიერთმა წევრმა განაცხადა, რომ ევროპას სამშვიდობო სტრატეგია არ გააჩნია.
“ეს სიმართლეს არ შეესაბამება”, – განაცხადა კალასმა. ამ სიტყვებით მან მიუთითა დოკუმენტზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებს წარუდგინა. დოკუმენტში ჩამოთვლილი იყო მოთხოვნები, რომელთა შესრულებასაც ევროპა მოსკოვისგან მომავალი სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში უნდა ელოდოს.
“თუ რუსეთი თავის მაქსიმალისტურ მოთხოვნებსა და წინადადებებს აყენებს, ჩვენც მოლაპარაკებების მაგიდაზე ჩვენი მაქსიმალური მოთხოვნები უნდა დავდოთ, რათა მოლაპარაკებებში ბალანსი შევინარჩუნოთ. ამასთანავე, რუსეთს მკაფიო გზავნილი უნდა მივაწოდოთ: ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც მას აინტერესებს – მათ შორის სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით – ევროპა მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იყოს, რადგან ეს გადაწყვეტილებები ევროპამ უნდა მიიღოს. ჩვენ არ ვაპირებთ, რაიმე უბრალოდ დავთმოთ, რადგან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მშვიდობის დამყარება, არამედ ისიც, რომ ეს მშვიდობა ხანგრძლივი და სამართლიანი იყოს”, – განაცხადა კალასმა.
