საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ვლადიმერ ჩაჩიბაიას ინფორმაციით, საქართველომ NATO-ს შტაბ-ბინაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე შეთავაზება გაგზავნა.
ვლადიმერ ჩაჩიბაიამ აღნიშნა, რომ NATO-ს სამხედრო კომიტეტის საქართველოში ვიზიტის დროს საუბარი შავი ზღვის უსაფრთხოებაზე არ ყოფილა, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს.
“NATO-ს შტაბ ბინაში შეთავაზება გვაქვს გაგზავნილი, როგორც თავდაცვის სამინისტროს, ასევე მთავრობის დონეზე. შავი ზღვის უსაფრთხოება არ არის მხოლოდ სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხი. დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა ძირითადად საუბარი ეხება ამ უსაფრთხოების ფარგლებში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო შესაძლებლობების გამოყენებას. NATO-ში როდესაც საბოლოოდ განისაზღვრება შავი ზღვის უსაფრთხოების ფორმატი, გადავალთ პრაქტიკულ ნაბიჯებზე და დავიწყებთ იმ მოთხოვნების შესრულებას, რასაც NATO-ს პარტნიორი ქვეყნები დაგვიწესებენ. თუ საჭიროება იქნება, ჩვენ მზად ვართ NATO-ს წევრ ქვეყნებთან ვითანამშრომლოთ”,- განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ.