საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელი სხდომა მე-12 კლასელებისთვის სკოლის დამთავრების მილოცვით დაიწყო. მთავრობის მეთაურმა მათ წარმატებული სტუდენტური და პროფესიული ცხოვრება უსურვა.
ირაკლი კობახიძე სხდომაზე საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმების მაჩვენებლებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პირველ კვარტალში კარგი შედეგი დაფიქსირდა და უმუშევრობა 50 600 ადამიანით შემცირდა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებზე დასასწრებად ჩარტერული და რეგულარული ფრენების მთავრობის მიერ სუბსიდირების შესახებ და აღნიშნა, რომ პირდაპირი რეისები გერმანიის 4 ქალაქში განხორციელდება, ორი გზის ავიაბილეთის საფასური კი 390 ევრო იქნება. გარდა ამისა, მთავრობის გადაწყვეტილებით, ევროპის ჩემპიონატზე გასვლისთვის სტანდარტულად გათვალისწინებული პრემია ნაკრებებისთვის 850 000 ლარიდან 3 მლნ ლარამდე გაიზრდება.
პრემიერი მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა პრეზიდენტის ვეტოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე. ირაკლი კობახიძის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა ჯანსაღი დისკუსიისთვის.
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა კანონის შესახებ დისკუსიისთვის და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მისი შეთავაზება ახალგაზრდებისთვის ძალაში რჩება.
ირაკლი კობახიძე ასევე გამოეხმაურა აქციების ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას, რომელმაც აღნიშნა, რომ შურს უკრაინელების. პრემიერის შეფასებით, ეს არ არის შემთხვევითი წამოცდენა და მთავარი დავალება, რაც ამ ადამიანებს ამოძრავებთ, არის საქართველოს უკრაინიზაცია, რასაც ხელისუფლება არ დაუშვებს.