საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ირანის ისლამური რესპუბლიკის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში სეიდ ჯავად ყავამშაჰიდს შეხვდა.
თავდაცვის მინისტრმა ირანის ელჩთან ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დინამიკის გაძლიერებაში დიპლომატიის როლის მნიშვნელობა აღნიშნა და მას მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საუბარი საქართველოსა და ირანს შორის არსებულ ურთიერთობებს შეეხო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ირანთან მეგობრული ურთიერთობების განვითარება საქართველოს მნიშვნელოვან საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტს წარმოადგენს, რასაც ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული და კულტურული კავშირებიც განაპირობებს.
შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ირანის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.