ოთარ კიტეიშვილმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან მოახლოებულ შეხვდრაზე ისაუბრა – საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი იმედოვნებს, რომ გუნდი მწვრთნელის დავალებებს შეასრულებს და წარმატებას მიაღწევს.
„პორტუგალიის ნაკრები ერთ-ერთი ფავორიტი და უმაღლესი დონის გუნდია. ერთი შეხედვით, წარმოუდგენლად მიიჩნეოდა მათი დამარცხებით ჯგუფიდან გასვლა, თუმცა ჩვენ ეს შევძელით. ეს თავდაჯერება და ემოციური ფონი ესპანეთთან თამაშზეც უნდა გაგვყვეს.
ესპანეთის ნაკრები გამორჩეული გუნდია, მას განსხვავებული სათამაშო სტილი აქვს, ჰყავთ გამორჩეული ფეხბურთელები. მათთან სათამაშოდ ძალიან კარგად უნდა მოვემზადოთ და მწვრთნელის დავალებები შევასრულოთ.
ამ ტურნირზე თითოეული მატჩი ჩვენთვის უდიდესი გამოცდილება და საკუთარი თავის შემოწმებაა, სად შეიძლება ვიყოთ და რაზე ვიფიქროთ“, – განაცხადა ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის მერვედფინალურ შეხვედრაში ესპანეთს 30 ივნისს კიოლნში დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.