ეროვნული საფეხბურთო ნაკრების საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით 2 ივლისს საზეიმო ღონისძიებები გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.
როგორც მთავრობის ინფორმაციაშია ნათქვამი, ღონისძიება 22:00 საათზე დაიწყება.
„2 ივლისს, 22:00 საათზე ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე. ერთად შევხვდეთ და ერთად ვუთხრათ მადლობა ჩვენს საფეხბურთო ნაკრებს. ერთად შევასრულოთ საქართველოს ჰიმნი და ერთად აღვნიშნოთ ქართული საფეხბურთო სასწაული. 21:30 საათზე საფეხბურთო ნაკრები მიხეილ მესხის სტადიონიდან ღია ავტობუსით მსვლელობას დაიწყებს თავისუფლების მოედნისკენ. 22:00 საათზე თავისუფლების მოედანზე – საქართველოს მადლობა საფეხბურთო ნაკრებს“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გერმანიიდან 2 ივლისს, დილით დაბრუნდება.