რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასს“-ის („TASS“) ცნობით, რუსეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე ბელგოროდის ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. აღნიშნული ინფორმაცია ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის მიერ ოთხშაბათს დილით გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით გავრცელდა. წინა კვირას საგანგებო მდგომარეობა მეზობელ კურსკის ოლქშიც გამოცხადდა, რომელიც უკრაინის ჯარების ფართომასშტაბიანი შემოჭრის საფრთხის წინაშე დგას.
„უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვების გამო, მდგომარეობა ბელგოროდის ოლქში უკიდურესად რთული და დაძაბული რჩება“, – აღნიშნა გლადკოვმა. მისი თქმით, ეს ზომა (საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება) ხელს შეუწყობს მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაბომბვის შედეგად დაზარალებული პირების დაცვას.
უკრაინის არმიის სამხედრო ოპერაცია კურსკის ოლქში 6 აგვისტოს დაიწყო. ოფიციალური კიევის განცხადებით, ეს არის პასუხი უკრაინაში რუსეთის მიერ განხორციელებულ სრულმასშტაბიან შეიარაღებულ შეჭრაზე, რომელიც ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გრძელდება.
კურსკის ოლქმა 7 აგვისტოს საგანგებო მდგომარეობა რეგიონულ დონეზე გამოაცხადა, ორი დღის შემდეგ კი მოსკოვმა საგანგებო მდგომარეობა აღნიშნულ ოლქში უკვე ფედერალურ დონეზე დააწესა, რაც ფედერალური რესურსებიდან სახსრების მოზიდვის საშუალებას იძლევა. რუსეთის მთავრობას იმავე სტატუსის მინიჭების თხოვნით, ახლა უკვე გლადკოვმა მიმართა.
რუსეთის დანაკარგები
ორშაბათს რუსეთის ხელისუფლებამ კურსკის სასაზღვრო ოლქში 28 სოფლის დაკარგვა აღიარა და დასძინა, რომ უკრაინელები ორმოცი კილომეტრის სიგანისა და თორმეტი კილომეტრის სიგრძის ზონას აკონტროლებენ. თუმცა, დამოუკიდებელი ექსპერტების მხრიდან ამ ინფორმაციის დადასტურება შეუძლებელია. სააგენტო „ფრანს პრესის“ შეფასებით, რომელიც რუსულ წყაროებს და ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) მონაცემებს ეყრდნობა, უკრაინელები რუსეთის ტერიტორიის 800 კვადრატულ კილომეტრს აკონტროლებენ.
შედარებისთვის: „ფრანს პრესის“ ანალიზის მიხედვით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 1360 კვადრატული კილომეტრით წაიწია წინ.