საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქართველ პარამძლეოსან გიგა ოჩხიკიძეს პარალიმპიადის ჩემპიონობას ულოცავს.
„მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, ქართველმა მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ პარალიმპიადაზე ბირთვის 9,66 მეტრზე კვრა შეძლო, სადებიუტო პარალიმპიადაზე მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და ოქროს მედალი მოიპოვა, თუმცა ირანის, მაროკოსა და პოლონეთის პარალიმპიური დელეგაციების პროტესტის შემდეგ ქართველი სპორტსმენის შედეგი – 9,21 და 9,66 მეტრი გაუქმდა.
საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, რატი იონათამიშვილმა და კომიტეტის სხვა წარმომადგენლებმა მყისიერად დაწერეს შედეგების გაუქმებასთან დაკავშირებული საჩივარი, რომელიც ტურნირის მთავარმა მსაჯებმა დააკმაყოფილეს.
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ულოცავს გიგა ოჩხიკიძეს პარალიმპიადაზე გამარჯვებას და მას საქართველოს სასახელოდ კვლავაც წარმატებებს უსურვებს.
ამ დიდ წარმატებას ვულოცავთ სრულიად საქართველოს, გიგა ოჩხიკიძის მწვრთნელსა და საქართველოს პარალიმპიურ კომიტეტს!“, – აღნიშნულია სამინისტროს მისალოც ტექსტში.\