იმ აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების, დაახლოებით 30%-მდე, რამდენიმე ასეული უკვე რეგისტრირებულია, ხოლო დარჩენილი ნაწილიც დროთა განმავლობაში გაიაზრებს, რომ სხვა ალტერნატივა არ აქვს და დარეგისტრირდებიან, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, ის ორგანიზაციები, რომლებიც არ დარეგისტრირდებიან დაექვემდებარებიან ჯარიმებს.
„თუ ვერ დარეგისტრირდებიან და არ დარეგისტრირდებიან, არის საჯარიმო სანქციები, რაც არის გაწერილი. იმ ჯარიმასაც მოვახმართ ჩვენს მოქალაქეებს. ძალიან მსუყე ჯარიმები არის და კი ბატონო, რაც უფრო მეტი ჯარიმა დაიწერება ისევ და ისევ მოხმარდება ჩვენს მოქალაქეებს. ბოლოს უკვე გაიაზრებენ რომ ასე აზრი არ აქვს, ან თვითონ დონორი შეუწყვეტს დაფინანსებას ან უკვე როგორც „სირცხვილია“ აპირებდა დარეგისტრირებას, ისე დარეგისტრირდებიან“, -განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, განაცხადის ჩაბარება იუსტიციის სახლის ფილიალებში დღესაც იქნება შესაძლებელი. იუსტიციის სახლის ინფორმაციით, ორგანიზაციებისთვის შესაბამის რეესტრში დარეგისტრირების ვადა 2 სექტემბრის ჩათვლითაა განსაზღვრული.
