მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოში რეგისტრირებულ 31 ათასივე არასამეწარმეო არაკომერციულ იურიდიულ პირს ეხება კანონი და ავალდებულებს, რომ დარეგისტრირდეს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად, რაც არის შეუსაბამო კანონმდებლობასთან, – განაცხადა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა დავით დევიძემ.
მისივე თქმით, კანონის მიხედვით მხოლოდ ის სუბიექტები, ის არასამეწარმეო არაკომერციული იურიდიული პირები არიან ვალდებულები დარეგისტრირდნენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში, რომელთაც კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული საერთო შემოსავლის 20 %-ზე მეტია უცხოური ძალისგან მიღებული შემოსავალი.
„ასევე, ის კომერციული იურიდიული პირები, რომლებიც საქმიანობენ სამაუწყებლო სფეროში, ფლობენ საქართველოში მოქმედ ინტერნეტ დომენს ან ინტერნეტ ჰოსტინგს და აწარმოებენ მასობრივი ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისთვის ქართულ ენაზე ბეჭდური საშუალებებით და მათი არაკომერციული შემოსავლის 20 %-ზე მეტია უცხოური ძალისგან მიღებული შემოსავალი.
ასევე, კანონი ადგენს გამონაკლისებს, თუ რომელ არასამეწარმეო იურიდიულ პირებზე არ ვრცელდება საერთოდ აღნიშნული მოთხოვნები. ესენია: ადმინისტრაციული ორგანოების მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირები, ასევე, „სპორტის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ეროვნული სპორტული ფედერაციები და ადამიანის სისხლის კომპონენტების, უსაფრთხოებისა და ხარისხის კანონის შესაბამისად გათვალისწინებული შესაბამისი დაწესებულებები, რომლებზეც საერთოდ არ ვრცელდება კანონის მოთხოვნა“, – აღნიშნა დავით დევიძემ.