2021 წლიდან ჩვენი ნომინალური ეკონომიკა ლარში 40 მლრდ-ით გაიზარდა, შესაბამისად, დაახლოებით 10 მლრდ-ით გაიზარდა ქვეყნის ბიუჯეტი, რაც იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ქვეყნის განვითარებაზე – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ყველა მიმართულებით არის ძალიან კარგი ტენდენციები და ტემპი, რაც ეკონომიკის მასტიმულირებელი პროექტების განხორციელების საშუალებას იძლევა.
„ეს ყველაფერი იძლევა საშუალებას, კიდევ უფრო მეტად ვიზრუნოთ ეკონომიკაზე, ზოგადად ქვეყნის განვითარებაზე, განვახორციელოთ ისეთი პროექტები, მათ შორის ინფრასტრუქტურული, რაც ახალ სტიმულს მისცემს ეკონომიკის განვითარებას. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები და ტემპი და იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ ხოლმე, რომ მართალია, ეკონომიკა იზრდება, მაგრამ ეს 40 მლრდ წავიდა 25 ოჯახის ჯიბეებშიო, ასეთია მათი გზავნილი. პროფესიონალები, ამ საქმის სპეციალისტები ალბათ დამეთანხმებით, რამდენად დიდი ტყუილია ეს. ყველაფერი ციფრებშია გამოხატული,“– განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაური ასევე შეეხო სიღარიბის მაჩვენებლებს და აღნიშნა, რომ 2012 წელს ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი 30% იყო, რაც გასული წლის მონაცემებით, 11.8 %-მდე არის შემცირებული.
„1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა 2012 წლისთვის საქართველოში და ახლა, ეს მაჩვენებელი შემცირებულია 440 000-მდე. 680 000 ადამიანი ამოვიდა აბსოლუტური სიღარიბიდან, რაც არის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, თუმცა, თავისთავად ის, რომ 440 000 ადამიანი ჯერ კიდევ ცხოვრობს აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა, არის მთავარი გამოწვევა და ჩვენთვის მთავარია, ამაზე მაქსიმალურად ვიზრუნოთ. იმ ტემპის გათვალისწინებით, რაც გვაქვს დღეს, ვფიქრობ, სიღარიბის დაძლევა შესაძლებელია საშუალოვადიან პერსპექტივაში. მთავარია, ეკონომიკური ზრდის ტემპი შევინარჩუნოთ,“- განაცხადა პრემიერმა.