მცდელობამ, რომ პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის განცხადება დაემახინჯებინათ და ისე წარედგინათ საზოგადოებისთვის, ფიასკო განიცადა, ყველამ ძალიან კარგად გაიგო, რას გულისხმობდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი – ეს არის ურთიერთპატიება და ურთიერთშენდობა, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკის“ ეთერში.
„თუ არა ნდობის აღდგენა, სხვანაირად შერიგება როგორ წარმოუდგენია ვინმეს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ?!ეს არის ის პროცესი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. რაც მშვიდობას ეხება, ძალიან არ მოსწონს „ნაციონალურ მოძრაობას“, რადგან სწორედ ეს არის ომისა და ღალატის პარტია.
მათი სურვილების მიუხედავად, ჩვენ, ჩვენს მშვიდობიან შერიგებასა და ურთიერთნდობაზე აგებულ პოლიტიკას ოსსადა აფხაზ ძმებთან აუცილებლად გავაგრძელებთ და ეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენითა და ერების კვლავ ერთად ცხოვრების რესურსით დასრულდება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, გორში წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი, ასევე, ქვეყნის განვითარებაზე, ეროვნული ღირებულებების, რელიგიის დაცვაზე, საკონსტიტუციო უმრავლესობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილმა ხაზი გაუსვა ჩვენს ოს ძმებთან შერიგებისა მნიშვნელობასაც, რასაც რადიკალების გაღიზიანება მოჰყვა.