რუსეთის მიერ ოკუპირებული „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ უზენაესმა სასამართლომ დაუსწრებლად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ლატვიის მოქალაქე იურის იურაშს, რომელსაც უკრაინის მხარეს ბრძოლასა და რუსეთის არმიის „ცილისწამებაში“ დასდეს ბრალი.
ამჟამად რუსეთს მისი დაკავების შანსი, პრაქტიკულად, არ აქვს, რადგან ნაკლებად სავარაუდოა, რომ რომელიმე ქვეყანა მისი დაკავებისა და რუსეთში ექსტრადირების შესახებ მოსკოვის მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ხელისუფლებას ლეგიტიმაცია არ აქვს და საერთაშორისო თანამეგობრობა დონეცკის ოლქს კვლავ რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიად მიიჩნევს.
საოკუპაციო ხელისუფლებამ იურაშის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე იმიტომ აღძრა, რომ ის, 2022 წლის სექტემბრიდან 2024 წლის ივნისამდე, უკრაინის მხარეს მოხალისედ იბრძოდა.
ბუჩასა და ირპენში საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთვის, იურაშს რუსეთის არმიის „ცილისწამებაშიც“ დასდეს ბრალი.
ახლა მას საოკუპაციო სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 17 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით.
49 წლის იურასი ლატვიის სეიმის ყოფილი წევრია, რომელიც მანამდე კორუფციასთან ბრძოლის ბიუროში (KNAB) მაღალი თანამდებობა ეკავა.
ის არ არის პირველი ლატვიელი მოხალისე, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება დაუსწრებლად ასამართლებს, უკრაინის მხარეს საომარ მოქმედებებში მონაწილეობისთვის.
გასულ კვირას „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ იმავე უზენაესმა სასამართლომ ლატვიელ მებრძოლ ალვის ლუკშს დაუსწრებლად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ლატვიელ ფერმერ გუნდარს კალვეს დაუსწრებლად აქვს მისჯილი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მოხდით, ხოლო კიდევ ერთ ლატვიელ მებრძოლ ატვარს ანინშს – 13 წლით თავისუფლების აღკვეთა „ქონების კონფისკაციით“.