ამ ეტაპზე თქმა იმისა, რომ საქართველოს საზღვრებიდან გადავიდა ”იგლას” ტიპის საზენიტო დანადგარები, არასწორია, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.
„რაც შეეხება საზენიტო დანადგარებს ”იგლა”, შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ პირველ დღეს იყო გარკვეული კითხვის ნიშნები, თუმცა მეორე დღეს სომხურმა მხარემაც დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე თქმა იმისა, რომ საქართველოს საზღვრებიდან გადავიდა ”იგლას” ტიპის საზენიტო დანადგარები, არის არასწორი ინფორმაცია. გამოძიების ფარგლებში ასეთი ფაქტი არ დასტურდება. გამოძიება გრძელდება. თუ რაიმე დამატებითი ინფორმაცია მივიღეთ, ამაზე საზოგადოება ინფორმირებული იქნება. ყველა საზენიტო დანადგარს აქვს სპეციალური კოდი. მე სპეციალურად მივიღე იმ დილითვე გადაწყვეტილება, რომ აღგვერიცხა თავიდან და ყველა ის რაოდენობა, რაც იყო აღრიცხული, ახლაც ადგილზეა. მე არ ვიცი, 20 წლის წინ თუ იყო სადმე მიმალული. ეს არის დამატებითი საფუძველი იმისა, რომ დამატებითი კითხვები აღარავის გაუჩნდეს ანუ ამ ტიპის დანადგარის გადინება აბსოლუტურად გამოვრიცხეთ”, – აღნიშნა მინისტრმა.