წარმოიდგინეთ, პოლიტიკურად ისეთ წონიან ფიგურას, როგორიც ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსეა, სალომე ზურაბიშვილი ჭკუას არიგებს და თავის კომპეტენციაზე ესაუბრება, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ, „დღის ქრონიკასთან“.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ შეხვდა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს და მის დელეგაციას, რომლებიც, მისი თქმით, „ცოტა გაუგებრობაში არიან და კარგად არ ესმით აქაური სიტუაცია“.
„რა უნდა ვთქვათ, რაღაც ალბათ მართლა კლინიკასთან გვაქვს საქმე იმიტომ, რომ წარმოიდგინეთ, პოლიტიკურად ასეთ წონიან ფიგურას სალომე ზურაბიშვილი უკვე ჭკუას არიგებს, თუ რა არის საქართველოში მისი კომპეტენცია და უფლებამოვალეობები. რაღაც ტრაგიზმში ვართ უკვე გადასული, მაგრამ არა უშავს პრემიერმა ძალიან კარგად თქვა, რომ უბრალოდ გაკვირვებულები ვართო, რომ ადამიანი სკამს და თანამდებობას ასე ეჭიდებოდეს, მაგრამ არა უშავს რამდენიმე დღე დარჩათ აი ამ მავნებლებს და მავნებლების ლიდერს, რომ იყოს იქ და რაღაც მანდატით ისაუბროს“, – განაცხადა კირცხალიამ.
კირცხალია ასევე შეეხო ლეგიტიმაციის თემას და აღნიშნა, რომ ეს საკითხი უკვე დიდი ხანია მოხსნილია დღის წესრიგიდან. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ყველაზე მთავარი ლეგიტიმაცია არის ქართველი ხალხი, რომელმაც მმართველ გუნდს 26 ოქტომბერს მილიონ ორასი ათასი ხმით მხარი დაუჭირა.
„როდესაც დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, სწორედ ეს არის დემოკრატიის საფუძვლები და სწორედ ამაზე, დემოკრატიულ პრინციპებზე და მათ პატივისცემაზე იყო ხშირად გამახვილებული ყურადღება დღეს ბატონი ბერსეს ბრიფინგზე და სწორედ ამისკენ მოვუწოდებთ ჩვენც ოპოზიციას, რომ არ გავიდნენ დემოკრატიული ჩარჩოებიდან. რას აკეთებდნენ ყველამ კარგად ვნახეთ“, – აღნიშნა კირცხალიამ.
კირცხალიამ უსუსური და სამარცხვინო უწოდა ბატონი ბერსეს მისამართით დაწყებული ბულინგის კამპანიას რადიკალური ოპოზიციის მხრიდან. მისი თქმით, ამ მნიშვნელოვან ვიზიტამდე იყო საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისთან, რომელიც ასევე მწვავე კრიტიკის ობიექტი გახდა ოპოზიციური სპექტრის მხრიდან.