სალომე ზურაბიშვილს აჯერებენ, რომ ის ოპოზიციის ლიდერია, სინამდვილეში ის ჩვეულებრივი ინსტრუმენტია, როგორც რადიკალური ოპოზიციის, ისე მათი პატრონების, – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკასთან“.
მისი თქმით, ისინი ზურაბიშვილის რადიკალიზაციის გეგმის განსახორციელებლად იყენებენ.
„სახეზეა, რომ კოლექტიური გვარამიები ამუნათებენ სალომე ზურაბიშვილს, რომ ის გახდეს სისხლის სამართლის დამნაშავე. ისინი რას კარგავენ თუ სალომე ზურაბიშვილს გამოიყენებენ რადიკალიზაციის გეგმის განსახორციელებლად. ჩვენი საზოგადოება რასაც ხედავს არის ის რომ, ამ ოთხივე პარტიას სინამდვილეში ერთი პატრონი და ერთი ავტორი ჰყავს. ის რომ თითქოს გახარიები განსხვავებულ პოზიციებს აფიქსირებენ, ვიდრე გვარამიები, ნიშნავს იმას, რომ მათი პატრონები სხვადასხვა მესიჯებს აჟღერებინებენ ამ ადამიანებს, საზოგადოების განწყობებს ტესტავენ – რა გზა აირჩიონ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი რადიკალიზაცია შემოიტანონ ქართულ პოლიტიკაში. სხვა საკითხია ის, რომ ეს რადიკალიზაცია საბოლოო ჯამში მათ საკუთარ რიგებში დარჩებათ და არანაირი პერსპექტივა არ აქვთ. არცერთ მათგანს საქართველოსთვის გული არ შესტკივა, თითოეული მათგანი მოტივირებულია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი წვლილი შეიტანს საქართველოს განადგურებისთვის. ეს არის მათი მიზანი, დავალებაც და ე.წ. გეგმაც, რაც მათ აქვთ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.