საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ფაიგ გულიევს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ამ კონტექსტში საუბარი შეეხო საგარეო საქმეთა მინისტრის აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაგეგმილ ოფიციალური ვიზიტის დეტალებს, ასევე, უახლოეს დღეებში, ბაქოში დაგეგმილ საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის მორიგი, მე-10 სხდომის გამართვის საკითხს.
„მხარეებმა კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის ფართო სპექტრი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წარმატებულ თანამშრომლობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანსპორტო, ენერგეტიკულ სფეროებში.
შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონის მშვიდობიანი და სტაბილური განვითარების მნიშვნელობა. მხარეებმა გამოხატეს მზაობა, კიდევ უფრო დინამიური გახადონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული თანამშრომლობა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.